გიორგი ანდრიაძე: არ არის გამორიცხული, სასულიერო პირებზე ის ფარული ჩანაწერები ვიხილოთ, რომელიც კასრებში ინახებოდა
პატრიარქის ფონდის მმართველი საბჭოს წევრის გიორგი ანდრიაძის განცხადებით, ზოგიერთ სასულიერო პირზე კომპრომატები არსებობს, რითაც ისინი იმართებიან.
როგორც ანდრიაძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ის ეკლესიაში ლუსტრაციის პროცესს ემხრობა.
„ვიცი, რომ ჩანაწერები, რომელიც ჰქონდა სააკაშვილს და კასრებში ინახებოდა, არავის გაუნადგურებია, ინახავენ. ამ ჩანაწერებში სასულიერო პირებიც არიან, იმიტომ, რომ ერთერთი მიმართულება, დეპარტამენტი უშიშროებაში სწორედ ამ მიმართულებით მუშაობდა. ასე, რომ მომავალში არ არის გამორიცხული, რომ იმდაგვარი მასალები ვიხილოთ, რომელიც კასრებში ჰქონდათ ჩადებული. ამას შემდეგისთვის ინახავენ.
ადრე, კომუნისტებს თავიანთი ხალხი ჰყავდათ ეკლესიაში , სასულიერო პირებს ვგულისხმობ, შევარდნაძის რეჟიმმა ასევე შეაგზავნა სასულიერო პირები ეკლესიაში, შემდეგ სააკაშვილის რეჟიმმა ეს პოლიტიკის დარგში აიყვანა. ამ ხელისუფლებასაც ჰყავს იქ რამდენიმე პირი. ისინი ადვილად საცნობები იყვნენ ხოლმე, იმიტომ, რომ კარგი კომუნიკაცია ჰქონდათ ხოლმე ხელისუფლებასთან. ჩაატარდა 2 არჩევნები და ზოგი სასულიერო პირი „ოცნების“ აგიტატორი იყო, ზოგი „ნაციონალების“. ამ პირებზე როგორც ერთ ძალას, ისე მეორე ძალას, ჰქონდა და აქვს კომპრომატები, ჩანაწერები. ეს არის პრობლემა. ამით იმართებიან ეს სასულიერო პირები. ლუსტრაცია კარგი იქნებოდა ხელისუფლებაშიც და ეკლესიაშიც. პირებს, რომლებიც კომპრომატების ქვეშ იმყოფებიან, ლუსტრაცია მოაცილებს საპასუხისმგებლო თანამდებობებს“, – განაცხადა ანდრიაძემ.