ლეჩხუმის “მწვანე ტბა” – როგორ იქცა პატარა საკალმახე აუზი ტურისტულ ღირსშესანიშნაობად (ვიდეო)

ლეჩხუმისკენ მიმავალი ცენტრალური მაგისტრალიდან 10 კილომეტრში, ზღვის დონიდან 1000 მეტრზე, სოფლების – ჩქუმისა და ქულბაქის თავზე, ულამაზესი „მწვანე ტბა“ მდებარეობს. ლეჩხუმის ოაზისად წოდებული ადგილი 2007 წლიდან მასპინძლობს ვიზიტორებს და თავისი არაჩვეულებრივი ლანდშაფტით, კალმახების აუზებით, პატარა და მყუდრო კოტეჯებით იზიდავს ტურისტებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.
“მწვანე ტბის” შესახებ “რეგიონულ კვირას” “ლეჩხუმის ოაზისის” შემქმნელი კახა გასვიანი ესაუბრა, რომელიც ამავდროულად, სატბორე და საკალმახე მეურნეობა “ქულბაქის” ხელმძღვანელიც არის. 

– როგორ გაჩნდა იდეა და რა რესურსით დაიწყეთ?
​ბავშვობიდან მიყვარდა თევზაობა, ჰობიც კი იყო ერთი პერიოდი. აქ დავიბადე და გავიზარდე, ეს ადგილიც ძალიან მიყვარს, ამიტომ 2007 წელს ერთი პატარა აუზით და დიდი პრობლემებით შევუდექი საქმეს. მთავარი რწმენა და ინტერესია, მერე ნელ-ნელა ყველაფერი ლაგდება. საქმიანობის დაწყებიდან ორი წლის შემდეგ, არასამთავრობო ორგანიზაციის “ენპარდის” გრანტი მოვიპოვე და პიკაპის ტიპის ავტომანქანაც გადმომცეს საჩუქრად. 2017 წელს “აწარმოე საქართველოში” პროგრამის ფარგლებში 10 000-ლარიანი გრანტი მოვიპოვე, ამ ზაფხულს კი სახელმწიფო პროგრამით ვისარგებლე და შეღავათიანი აგროკრედიტი ავიღე 80 000 ლარის ოდენობით. ეს ყველაფერი ზღვაში წვეთია იმასთან შედარებით რაც აქ გაკეთებულა, თუმცა ძალიან დამეხმარა. მოგეხსენებათ,  ტურისტული ბიზნესი ისეთია, რაც მეტს აკეთებ, მეტი და მეტის კეთებას ითხოვს, ამიტომ ინფრასტრუქტურის მოწესრიგება უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს, ახლაც ერთ-ერთ არასამთავრობო ორგანიზაციაში მივიჩქარი კონსულტაციაზე, განაცხადი უნდა გავაკეთო და შედეგს დაველოდო.


– ლანდშაფტისა და ულამაზესი ბუნების გარდა, რით იზიდავთ ვიზიტორებს?
სხვადასხვა აქტივობა გვაქვს დამსვენებლისთვის. შეჯიბრებებსაც ვაწყობთ, წელს მაგალითად, შეჯიბრი – აქცია „დაიჭირე და გაუშვი“ ჩავატარეთ, რომელშიც 5 ქვეყნის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. ტურისტებს თევზით ცოცხლად დაჭერის შესაძლებლობას ვაძლევთ, გარდა ამისა, ტბაზე ნავებით გასეირნებაც შეიძლება. ასევე გვაქვს საცხენოსნო ტურები, ამ ადგილიდან საცხენოსნო მარშრუტი ტობავარჩხილის ტბამდე მიდის და მონაწილეებს გზად ულამაზესი ალპური ზონის ხედებით ტკბობა შეუძლიათ. წელს ასეთი ტური პირველად ჩავატარეთ და ვიზიტორების საკმაოდ დადებითი შეფასებებიც მივიღეთ. 


– როგორი იყო ტურისტული სეზონი წელს “მწვანე ტბისთვის”?
როგორც ხედავთ ეს სეზონი კარგი კლიმატური ამინდების გამო ჯერაც არ დასრულებულა, ტურისტების ნაკლებობას ნამდვილად არ ვუჩივით, თითქმის ყოველ წელს იმატებს და შარშან თუ გაორმაგდა, წელს გასამმაგდა ვიზიტორების რაოდენობა. ზაფხულის პერიოდში საშუალოდ დღეში 500 სტუმარიც გვყოლია. ისინი არა მხოლოდ საქართველოს რეგიონებიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან იყვნენ ჩამოსულები – უკრაინა, არაბეთი, ირანი, ინგლისი, ლიტვა, ლატვია, ესტონეთი და მრავალი სხვა.
რასაც თქვენ აქ ხედავთ ყველაფერი მძიმე შრომის შედეგად არის შექმნილი და მიხარია, რომ ამ შრომის შედეგს ვხედავ და რომ ის ფასდება. დაფასებაში ვგულისხმობ, რომ ჩემი პატარა წვლილიც შემაქვს ამ სოფლისა და საერთოდ ლეჩხუმის ტურისტული პოტენციალის ამაღლებაში. აქ მოსულები მერე სხვებს უყვებიან, ისინი სხვებს და ასე, რგოლია ტურისტული ბიზნესი და შენი ქვეყნის სხვისთვის გაცნობა ყველაზე დიდი სიამოვნებაა ამ სფეროში მომუშავესთვის. შარშან ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გვყავდა სტუმრად და აქაურობა ძალიან მოეწონა.

რა პრობლემებს აწყდებით და რას გეგმავთ ?
როგორც გითხარით, 2007 წლიდან მოყოლებული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს, დავამატეთ საკალმახე აუზები, მიმდინარეობს მათი დასრულების პროცესი, ყველა აუზში სხვადასხვა ზომის კალმახია. უნდა მოვაწყოთ საფეხმავლო და ველობილიკები, გვინდა კვების ბლოკიც გავაფართოვოთ, საკრედიტო დახმარება ისევ მესაჭიროება, ალბათ ამასაც გადავწყვეტთ, მაგრამ აქილევსის ქუსლად რჩება ჩვენამდე მოსასვლელი გზა – ბევრჯერ მინახავს ჩვენამდე მოსული შეწუხებული ტურისტი გზის პრობლემის გამო, 10 კმ-ია და ერთი საათი სჭირდებათ ჩვენთან ამოსასვლელად. წელს მართალია სოფელ ჩქუმ-ქულბაქის გზა გაკეთდება, მაგრამ ისევ დაზიანებული რჩება 3 კმ სიგრძის გზა, რომელიც სოფლიდან გვაშორებს. მე არ ვითხოვ ლამაზად მოპირკეთებულ გზას, უბრალოდ რომ მოიხრეშოს მაინც.
ლეჩხუმს ეკუთვნის იყოს ცნობილი კუთხე, ჩემი შრომის შედეგი ამას სრულიად უწყობს ხელს და მჯერა, ხვალ უფრო ცნობადები გავხდებით მსოფლიოსთვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები