ელიზაბეთ რუდი: აშშ რუსეთის ფედერაციასა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებას მოუწოდებს, გამოიყენონ ყველა შესაძლო საშუალება, სიტუაციისა განტვირთვისა და განეიტრალებისთვის

საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი საოკუპაციო რეჟიმის მიერ ევროკავშირის მონიტორინგის მისიის დამკვირვებლების დაკავებას გამოეხმაურა. როგორც მან აღნიშნა, აშშ შეშფოთებულია ადმინისტრაციულ საზღვართან შექმნილი ვითარებით და რუსეთსა და დე ფაქტო ხელისუფლებას მოუწოდებს, ვითარების განტვირთვისთვის ყველა შესაძლო საშუალება გამოიყენონ.
„ამერიკის შეერთებული შტატები შეშფოთებულია იმ ვითარებით, რაც არის ადმინისტრაციულ საზღვართან, სამხრეთ ოსეთთან განსაკუთრებით ბოლოს განვითარებული მოვლენები, ვითარების დაძაბვა. განსაკუთრებულ შეშფოთებას გამოვთქვამ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლებთან დაკავშირებულ ინციდენტზე ჩორჩანას ტყეში. შესაბამისად, ამერიკის შეერთებული შტატები მოუწოდებს რუსეთის ფედერაციასა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებას, რომ გამოიყენონ ყველა შესაძლო საშუალება, მათ შორის, ტექნიკური შეხვედრები “აიპიარემის” (IPRM) ფარგლებში, რათა მოხდეს სიტუაციის განტვირთვა და განეიტრალება“, – განაცხადა საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ელიზაბეთ რუდმა.
ცნობისათვის, ევროკავშირის მონიტორინგის მისიის პატრული 24 ოქტომბერს ჩორჩანა-წნელისის ტერიტორიაზე პატრულირებისას, დე ფაქტო რეჟიმის უსაფრთხოების შეიარაღებულმა წარმომადგენლებმა დააკავეს.
შეგახსენებთ, ​ფაქტთან დაკავშირებით ევროკავშირის მონიტორინგის მისიამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის შეუიარაღებელი დამკვირვებლები ე.წ. სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოების წარმომადგენლებმა დააკავეს.
​„24 ოქტომბრის, შუა დღეს, ევროკავშირის მონიტორინგის მისიის პატრული ჩორჩანა-წნელისის ტერიტორიაზე პატრულირებისას სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოების შეიარაღებულმა წარმომადგენლებმა მცირე ხნით დააკავეს. ამ მოვლენების შემდეგ მალევე ცხინვალისგან ცხელი ხაზი გააქტიურდა. მისია ამ დროისთვის ჯერ კიდევ სწავლობს ინციდენტის დეტალებს, რომელიც განვითარდა ტერიტორიაზე, რომელიც მიიჩნევა თბილისის მიერ ადმინისტრირებად ტერიტორიად, ადმინისტრაციული საზღვრის ტრადიციული ინტერპრეტაციის შესაბამისად“, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები