„26 მაისს ნაცემ-ნაბეგვი ჩემი სხეული გარდაცვლილ კვინტრაძეს მიაგდეს “

  26 მაისის მოვლენების დროს დაზარალებული იოსებ ბერიაშვილი აქციის დარბევას „კვირასთან“ დეტალურად იხსენებს.
იოსებ ბერიაშვილი 2011 წლის 26 მაისს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე, „სახალხო კრების“ სახელით, სიღნაღის რაიონიდან ჩამოვიდა. როგორც „კვირას“ იოსებ ბერიაშვილმა განუცხადა, 2011 წელს პოლიციამ აქციის მონაწილეები სასიკვდილოდ გაიმეტა. მისი თქმით, სპეცრაზმმა მაშინ ძალას კი არ გადაამეტა, არამედ აქციის მონაწილეები სიკვდილისთვის გაიმეტეს და სასიკვდილოდ დასაჯეს.
„26 მაისს, პარლამენტის შენობის გვერდით, ჩიტაძის ქუჩაზე ვიყავი. დარბევა დაახლოებით 12 საათისთვის დაიწყო. სპეცრაზმმა ყველა მხრიდან გადაკეტა გზა. ჩახერგილი იყო გზა რუსთაველიდან ქაშუეთის გვერდით, ორივე მხარეს ჩასასვლელი, თავისუფლების მოედნისკენ მიმავალი გზა აბსოლუტურად ყველა მიმართულებით გადაკეტეს. ფაქტობრივად, პოლიციამ და სპეცრაზმმა გზის ევაკუირება მოახდინა. ჩიტაძის ქუჩიდან სპეცრაზმი სახანძრო მანქანით წამოვიდა. სახანძრო მანქანის პირველ ჭავლში მოვყევი. ჭავლს გამოვექეცი და ხალხისკენ გავიქეცი. ხელში ჯოხი მეჭირა. ზურგში რეზინის ტყვიები დამიშინეს. დავინახე, სპეცრაზმელები აქციის მონაწილეებს „ვინჩესეტერით“რეზინის ტყვიებს როგორ ესროდნენ. ხალხმრავლობაში მოვყევი და თავისუფლების მეტროსკენ გავიქეცი. თავის არეში ძლიერი დარტყმა ვიგრძენი, რამდენიმე ტყვია თავში მომხვდა, გონება დავკარგე და ძირს დავვარდი. დამიწყეს ფეხებით ცემა. ხელბორკილები დამადეს და მიმაგდეს. ჩემს გვერდით კიდევ რამდენიმე ნაცემი ეგდო. აშკარად ვგრძნობდი, რომ ვიღაცის სხეულზე ვეგდე. მხოლოდ თავს ვამოძრავებდი. „ეს კიდევ ცოცხალია“ – ჩამესმა პოლიციელის ხმა. დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში ასე ვეგდე ასფალტზე. მოგვიანებით, მივხვდი, რომ ნაცემ-ნაბეგვი ჩემი სხეული გარდაცვლილ კვინტრაძეს ზემოდან დააგდეს. ის არ ინძრეოდა, არც კვნესოდა. 40 წუთი ძირს ვეგდე, ვხედავდი, რომ იმ კაცს ხელბორკილები ედო. არ განძრეულა. ჩემი ღრმა რწმენით, ცემის შემდეგ იმ მოკლულ კვინტრაძეს მიმაგდეს, 40 წუთი ზემოდან ვეგდეთ ადამიანები, და ის კაცი არ ინძრეოდა. ის ადამიანი ცოცხალი რომ ყოფილიყო, ხო უნდა განძრეულიყო. ან დაეკვნესა, ან რამე… მერე ავტობუსებში ჩაგვყარეს და სამმართველოში წაგვიყვანეს“, – ამბობს იოსებ ბერიაშვილი.
შეგახსენებთ, რომ საქალაქო სასამართლოში 2011 წლის 26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით ვანო მერაბიშვილის პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ პროცესზე, ბრალდების მხარის მოთხოვნით, 11 მოწმე დაიკითხა. მათ შორის, ჩვენება იოსებ ბერიაშვილმაც მისცა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები