სუს-ი: გავრცელებული ინფორმაცია ლაშა ხეთერელის ჯანმრთელობის შესაძლო დაზიანების შესახებ არ დასტურდება

0

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით, რომელიც, სავარაუდოდ, ცხინვალის იზოლატორში ე.წ. სამართალდამცველების მიერ პატიმრების ცემას ასახავს, განმარტებას აკეთებს.

როგორც უწყებაში აცხადებენ, გავრცელებული ინფორმაცია ლაშა ხეთერელის ჯანმრთელობის შესაძლო დაზიანების შესახებ არ დასტურდება.

“საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება, საქართველოს რეგიონების ოკუპაციიდან გამომდინარე, მოკლებულია შესაძლებლობას, რომ დაუყონებლივ მიიღოს ინფორმაცია ოკუპირებულ რეგიონებში უკანონოდ დაკავებული პირების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.
მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის დასადგენად ცენტრალური ხელისუფლება აქტიურად იყენებს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მეშვეობით მოქმედ “ცხელი ხაზის” მექანიზმს. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს (ICRC), ოჯახის მიმართვის საფუძველზე, შესაძლებლობა აქვს მოინახულოს უკანონო პატიმრობაში მყოფი პირი. ლაშა ხეთერელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, მისი უკანონო პატიმრობაში ყოფნისას, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურებული იქნა “ცხელი ხაზი”.
უკანონო პატიმრობიდან მისი გათავისუფლება 22 ოქტომბერს მოხდა.

გავრცელებული ინფორმაცია ლაშა ხეთერელის ჯანმრთელობის შესაძლო დაზიანების შესახებ არ დასტურდება”, – აცხადებენ უწყებაში.

კომენტარები

კომენტარი