პროკურატურა ხაზარაძის მიერ უწყებაში მიტანილ ე.წ. მუქარის წერილთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს

საქართველოს გენერალური პროკურატურა „თი ბი სი ბანკის“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის მიერ უწყებაში გუშინ ჩაბარებულ ე.წ. მუქარის წერილის დედანთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

განცხადების თანახმად, აღნიშნული წერილი თვეების განმავლობაში, სხვადასხვა პირებისთვის ფიზიკურად იყო ხელმისაწვდომი, რაც მნიშვნელოვნად ართულებს მასზე ეფექტური დაქტილოსკოპიური თუ სხვა სახის კვლევების ჩატარებას.

“დიდი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიერ გუშინ, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში წარმოდგენილი მასალების თაობაზე.
2019 წლის 21 ოქტომბერს, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ საქართველოს გენერალურ პროკურატურაში წარმოადგინეს ბრიტანული კერძო კომპანიის მიერ ჩატარებული დაქტილოსკოპიური კვლევის ამსახველი დასკვნა, კომპაქტ-დისკი, ასევე, დაულუქავ, ღია კონვერტში მოთავსებული, მათი თქმით, „მუქარის წერილის დედანი“ და განცხადება, წარმოდგენილ მასალებზე შესაბამისი რეაგირების მოთხოვნით.
აღსანიშნავია, რომ ზემოხსენებული წერილი თვეების განმავლობაში, სხვადასხვა ქვეყანაში, პირთა განუსაზღვრელი წრისთვის ფიზიკურად იყო ხელმისაწვდომი, რაც მნიშვნელოვნად ართულებს მასზე ეფექტური დაქტილოსკოპიური თუ სხვა სახის კვლევების ჩატარებას.

მიუხედავად ამისა, პროკურატურის მიერ კანონის მოთხოვნათა დაცვით უკვე განხორციელდა წარმოდგენილი მასალების საპროცესო წესით დამაგრება და დალუქვა.
ამასთან, საქართველოს პროკურატურა მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დეტალურად შეისწავლის განმცხადებლების მიერ წარმოდგენილ მასალებს და შესწავლის შედეგების შესახებ დამატებით მიაწვდის ინფორმაციას საზოგადოებას”, – ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები