გუგული მაღრაძე: პარლამენტის მიერ მიღებული ანტიდისკრიმინაციული კანონი იყო წინგადადგმული ნაბიჯი, რომელმაც საერთაშორისო საზოგადოებისგან დადებითი შეფასება დაიმსახურა

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გუგული მაღრაძე აშშ ჯონ ჰოპკინსკის საერთაშორისო კვლევების სკოლის მკვლევარს, სესილია ოტეგულს შეხვდა, რომელიც იკვლევს, თუ რა მდგომარეობა ქვეყანაში სხვადსხვა სახის დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის მხრივ, როგორია ამ მიმართებით ქვეყნის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობა, რამდენად გავრცელებულია დისკრიმინაციის შემთხვევები, როგორია კანონმდებლობა, როგორია ის მექანიზმები, რაც ხელს უწყობს დისკრიმინაციის აღმოფხვრას, როგორია ამ მიმართულებით საზოგადოებრივი განწყობები და რამდენად ეფექტურად მუშაობს საგანმანათლებლო სისტემა მომავალი თაობების ანტიდისკრიმინაციული სულისკვეთებით აღზრდის მიმართულებით.
გუგული მაღრაძემ მკვლევარს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში ამ მხრივ არსებული ვითარების შესახებ.
„2015 წელს მიღებული ანტიდისკრიმინაციული კანონი იყო წინგადადგმული ნაბიჯი, რომელმაც დაიმსახურა დადებითი შეფასება საერთაშორისო საზოგადოებისგან. მასში ასახულია დისკრიმინაციის ყველა ფორმა და მოცემულია ის მექანიზმები, რაც საჭიროა დისკრიმინაციის ყოველგვარი ფორმის აღმოსაფხვრელად”, – განაცხადა გუგული მაღრაძემ.
როგორც მან აღნიშნა, ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღება საკმაოდ მწვავე დისკუსიების ფონზე მიმდინარეობდა, რაც მისივე თქმით მოწმობს, რომ საზოგადოებაში ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა გასატარებელი. რაც შეეხება დისკრიმინაციის ცალკეულ სახეებს, გუგული მაღრაძემ განაცხადა, რომ საქართველოს პირობებში ეთნიკური დისკრიმინაცია ინდივიდუალური ურთიერთობების დონეზე არ არსებობს და არც ისტორიულად არსებობდა, ამ მხრივ ერთ-ერთი პრობლემა, რაც მეტ-ნაკლები სიმწვავით იჩენს ხოლმე თავს, არის მუსლიმი საზოგადოების მიერ ახალი მეჩეთების აგების საკითხი, რასაც ზოგჯერ მოჰყვება ადგილობრივი ქრისტიანი მოსახლეობის პროტესტი, მაგრამ ხელისუფლების და მუსლიმთა თემის ხელმძღვანელების და რელიგიის საქმეთა სახელმწიფო საბჭოს მონაწილეობით ასეთი კონფლიქტები ძირითადად მოგვარებულია ურთიერთშეთანხმების საფუძველზე.
„რაც შეეხება შეზღუდული შესაძლებლობების პირების უფლებების დაცვას, საქართველოში ბოლო წლებში ბევრი რამ გაკეთდა. მაგალითად, საქართველოს პარლამენტში მთლიანად უზრუნველყოფილია შშმ პირების ჩართულობა, როგორც გადაადგილების, ისე სხდომების შინაარსის მისაწვდომობით უსინათლო და სმენადაქვეითებული ადამიანებისათვის. შშმ პირების საჭიროებების დაკმაყოფილება საკმაოდ დიდ ფინანსურ ხარჯებს მოითხოვს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ახალი კანონმდებლობის შესაბამისად, ყველა ახალი შენობა უნდა აკმაყოფილებდეს ამ მხრივ მინიმალურ სტანდარტს მაინც”, – აღნიშნა გუგული მაღრაძემ.
​მისი განცხადებით, პრობლემატურია გენდერული იდენტობის ნიშნით დისკრინიმაცია, რაც განსაკუთრებით მწვავედ ვლინდება ტრანსგენდერი ადამიანების მიმართ ძალადობის ფაქტებში. დეპუტატის ინფორმაციით, ძალადობის ჩამდენი პირები ყველა გამოვლენილია და იხდის შესაბამის სასჯელს, მაგრამ საკმაოდ ძნელია ტრანსგენდერი ადამიანების მიმართ საზოგადოების გარკვეულ ნაწილში არსებული უარყოფითი განწყობების დაძლევა.
მკვლევარი დაინტერესდა საგანმანათლებლო სისტემაში რა მუშაობა მიმდინარეობს ახალგაზრდა თაობის ანტიდისკრიმინაციული სულისკვთებით აღზრდისათვის.
​გუგული მაღრაძემ სტუმარს მიაწოდა ინფორმაცია სკოლებში სამოქალაქო განათლების კურსის შესახებ. მისი ინფორმაციით, „სკოლებში ისწავლება საგანი „მე და საზოგადოება”, რომლის ფარგლებში მოსწავლეები იღებენ ცოდნას დისკრიმინაციასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ. სტუმარი დაინტერესდა მიმდინარეობს თუ არა სექსუალური განათლება სკოლებში. გუგული მაღრაძემ გააცნო სტუმარს, რომ იყო სკოლებში ამ საგნის სწავლების რამდენიმე მცდელობა, მაგრამ ამან მხარდაჭერა ვერ ჰპოვა საზოგადოებაში.
„ამიტომ დღეის მდგომარეობით ეს საკითხები ჩართულია სხვა საგნების სწავლებაში, კერძოდ, იგივე სამოქალაქო განათლების კურსში, ბიოლოგიის, ლიტერატურის და სხვა რელევანტური საგნების სწავლებისას”, – განაცხადა დეპუტატმა.
სტუმარი განსაკუთრებით დაინტერესდა იმ ფაქტით, რომ საქართველოს პარლამენტს მიღებული აქვს ადამიანის უფლებების სტრატეგია, შს სამინისტროში შექმნილია ადამიანის უფლებების დეპარტამენტი და პრემიერ-მინისტრის აპარატში ფუნქციონირებს ადამიანის უფლებების და გენდერული თანასწორობის სამსახური, რაც მიუთითებს საქართველოს ხელისუფლების მხრივ ადამიანის უფლებების დაცვის მაღალ სტანდარტზე. ​

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები