გიორგი გაბუნია პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფება
ჟურნალისტი გიორგი გაბუნია პროკურატურაში თავის ადვოკატთან ერთად გამოკითხვაზე მივიდა. მას “რუსთავი2”-ის ყოფილი მეწილის, ნინო ნიჟარაძის მიერ შეტანილ სარჩელთან დაკავშირებით დაკითხავენ. ჟურნალისტის ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი მიიჩნევს, რომ ეს ყველაფერი “მთავარი არხის” მაუწყებლობის შეფერხებას ემსახურება.
„ეს არის გაგრძელება დაკითხვების სერიის, „რუსთავი2“-ის ყოფილი ჟურნალისტების, რომლებიც ახლა მუშაობენ „მთავარ არხზე“ და „ფორმულაზე“. გამოძიებას ექნება იგივე კითხები, რა კითხვებიც ჰქონდა ნოდარ მელაძესთან, გიორგი ლაფერაშვილთან და ზაალ უდუმაშვილთან. შეიძლება გამოძიებას აინტერესებდეს, როგორ აკეთებდნენ ასეთ წარმატებულ პროდუქტს და რატომ იყო ასეთი რეიტინგული არხი, როცა ეს ადამიანები მუშაობდნენ. გაუთქმელობას რაც შეეხება, აქამდე მოწმის სახით გამოკითხული ყველა პირი დაავალდებულეს, რომ არ გაემჟღავნებინა ინფორმაცია, რაც გამოკითხვისას მათთვის ცნობილი გახდა და ეს სავარაუდოდ გიორგი გაბუნიასაც შეეხება. გამოძიება დაწყებულია ნინო ნიჟარაძის წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე 20 ივლისს. პროკურატურის, როგორც ხელისუფლების დავალებების შემსრულებლის მიზანი არის ნიკა გვარამიას დაკავება, ამის მეშვეობით მთავარი არხის განეიტრალება და მაუწყებლობის შეფერხება, რაც აქამდე ვერ მოხერხდა და ვერც მერე ვერ მოხერხდება“, – განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.