ვახტანგ გომელაურმა შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში ახალი ინფრასტრუქტურული ობიექტები გახსნა

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა, მოადგილეებთან ერთად, სამინისტროს აკადემიაში ახალი სასროლეთი, სპეციალური ოპერაციების პრაქტიკული მეცადინეობისთვის განსაზღვრული იმიტირებული საცხოვრებელი ნაგებობა და ფიზიკური მომზადების სივრცე გახსნა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში სამივე ინფრასტრუქტურული პროექტი სამინისტროს საპოლიციო ინფრასტრუქტურის განახლების ფარგლებში განხორციელდა.
მინისტრმა ახალი ინფრასტრუქტურა დაათვალიერა, აკადემიის მსმენელებსა და თანამშრომლებს შეხვდა და მათ წარმატებები უსურვა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის ახალი სასროლეთი, თავისი მასშტაბებიდან და შესაძლებლობებიდან გამომდინარე, მომავალი პოლიციელების საცეცხლე და ტაქტიკურ მომზადებას უფრო ეფექტიანს გახდის. ტირი აკადემიის მსმენელებს როგორც პისტოლეტით, ასევე, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლის შესწავლის საშუალებას აძლევს. სასროლეთი აღჭურვილია სამიზნეების ავტომატური გადაადგილების ფუნქციით, შესაბამისი განათებისა და უსაფრთხოების სისტემებით. ტირში, ასევე, შესაძლებელია ავტომობილით შესვლა და მისი საფარად გამოყენებით ცეცხლის გახსნა.
პრაქტიკული მეცადინეობისთვის განსაზღვრული იმიტირებული საცხოვრებელი სივრცე – ე.წ. „შუთჰაუსი“ რამდენიმე ოთახისგან შედგება, სადაც, თეორიული სწავლების შემდეგ, აკადემიის მსმენელებს სიმულაციური იარაღის გამოყენებით პრაქტიკული მეცადინეობები ჩაუტარდებათ.
ფიზიკური მომზადების სივრცეში (ე.წ. CROSS FIT-ის სივრცე) აკადემიის მსმენელები სპეციალურად შემუშავებული პროგრამის მიხედვით გაივლიან სწავლებებს და სხვადასხვა ინტენსიური დატვირთვის მეშვეობით საკუთარი ფიზიკური უნარების განვითარებას შეძლებენ.
გარდა ამისა, პოლიციელთა ფიზიკური მომზადების გაუმჯობესების მიზნით, აკადემიაში არსებულ სავარჯიშო დარბაზს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა და მოეწყო საშხაპეები.
ასევე, განახლდა საცხოვრებელი კორპუსი, რომელშიც 97 მსმენელზე გათვლილი 51 ოთახია (ორადგილიანი და ერთადგილიანი). წელს, აკადემიის საცხოვრებელი კორპუსით ჯამში 250-მა ადამიანმა ისარგებლა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები