დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე “რუსთავი 2”-ის საქმეზე სამართლებრივ დავას იწყებენ

ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის საქმეზე, დღეს სასამართლოში სამოქალაქო სარჩელი შეგვაქვს,- ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე რუსთავი ორის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა და ყოფილმა მფლობელმა, დავით დვალმა განაცხადა.

“ახალ ფრონტზე ბრძოლას ვიწყებთ, პრაქტიკულად სამოქალაქო სარჩელი შეგვაქვს დღეს სასამართლოში. რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ მეორე ფრონტს ვხსნით, ერთი იყო სისხლის სამართლის საქმე,სადაც სოსო ბარათაშვილია ჩვენი ადვოკატი და მეორეა სამოქალაქო სარჩელი, სადაც ჩვენი მარჯვენა ხელი და ადვოკატი კახა კოჟორიძე იქნება”,- აღნიშნა დვალმა.

“რუსთავი 2“-ის დამფუძნებელი, ჯარჯი აქიმიძე კი მედიასაშუალებებს, სამოქალაქო საზოგადოებასა და დიპლომატიურ კორპუსს მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.

“დღეს ქართულ სასამართლოში სარჩელის შეტანით, იმედს გამოვთქვამთ რომ მართლმსაჯულება ყურადღებით მოეკიდება პრობლემას, რომელიც ამ ქვეყნის მედიის, მოქალაქეების და თავისუფლებების აღდგენას შეეხება. იმედი გვაქვს პროცესი იქნება საჯარო, გამჭვირვალე და მას ყურადღებით დააკვირდებიან როგორც მედიის სხვადასხვა საშუალებები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. კარგად გვესმის, რომ რუსთავი 2-ის საქმე მოექცევა საზოგადოების ყურადღების ცენტრში, ამიტომ წინასწარ ვაცხადებთ რომ ჩვენი ყველა მოქმედება იქნება ღია და საჯარო. მივმართავთ, ყველა მედია საშუალებას მხარდაჭერისთვის, სამოქალაქო საზოგადოებას და დიპლომატიურ კორპუსს აქტიური მონიტორინგის თხოვნით. “რუსთავი 2”-ის დღევანდელი მდგომარეობა არანაირად არ პასუხობს სამართლიანობის აღდგენის კრიტერიუმებს. სწორედ ამიტომ, მივმართავთ ხელისუფლებას და “ქართული ოცნების” მხარდამჭერებს, ხელი არ შეუშალონ სამართლებრივ პროცესს, რათა ამჯერად მაინც განხორციელდეს 2012 წელს დეკლარირებული დაპირება ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენის შესახებ. “ვარდების რევოლუციის” ხელისუფლებას, რომლის მმართველობის პერიოდშიც, 2004 წელს განხორციელდა რუსთავი 2-ის ჩვენთვის იძულებით ჩამორთმევის პროცესი, მოვუწოდებ ახლა მაინც აღიარონ ჩვენს მიმართ დაშვებული შეცდომა და ხელი შეუწყონ მედია გარემოს გაჯანსაღებას. “რუსთავი 2″-ის მიმართ სამართლიანობა აღდგება მხოლოდ მაშინ, როცა ის დაუბრუნდება დამფუძნებლებს”,- განმარტა აქიმიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები