ავსტრიისა და შვეიცარიის მთავრობის დახმარება ადგილობრივ თვითმმართველობებს და არასამთავრობო სექტორს – ამბროლაურში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

გაეროს განვითარების ფონდმა  ონის, ამბროლაურის, ცაგერისა და ლენტეხის ადგილობრივი თვითმმართველობებისა  და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან სამუშაო  შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე ისაუბრეს ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მიმართულებებით სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და ბიზნეს ასოციაციების ხედვებზე, ეკონომიკური განვითარების ფაქტორებზე, ადამიანური კაპიტალის განვითარების მხარდაჭერაზე და ოთხი მუნიციპალიტეტის პრიორიტეტებზე.

შეხვედრის ძირითად მიზანს წარმოადგენდა გაეროს განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებული საგრანტო კონკურსებში კონკრეტული ორგანიზაციების აქტიურობა და მათი მხარდაჭერა.

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, ორგანიზაციის ტრენერმა შოთა მურღულიამ „რეგიონულ კვირასთან“ საუბრისას განაცხადა ,რომ პროგრამა ემსახურება ადგილობრივ ეკონომიკურ განვითარებას და დამფინანსებლები არიან შვეიცარიისა და ავსტრიის მთავრობები.

მისივე თქმით, მთავარ მიზანს წარმოადგენს ადგილებზე ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა.

„საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის გამოცხადებულია საგრანტო კონკურსები, რომლებიც მიმართულია  ამავე მიზნით, რაც იმას ნიშნავს, რომ ეკონომიკურ განვითარებაში მონაწილეობის მიღების შანსი აქვს  ყველა აქტორს,მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციებს. დღევანდელი შეხვედრა სწორედ მათთვისაა და იგი  საინფორმაციო ხასიათისაა-თუ რა მიმართულებებით შეიძლება მათ მუნიციპალიტეტებში ეკონომიკური განვითარება, შემდეგ უნდა მოიფიქრონ და წარადგინონ პროექტები,შეხვედრას ესწრებიან როგორც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე ბიზნესი და ა/სამთავრობო სექტორი შეხვედრა საინტერესოა იმ მიმართულებითაც, რომ შემდგომში სწორედ ის პროექტები იყოს გენერირებული, რომელიც ორგანიზაციებსაც აინტერესებთ და ადგილობრივ ხელისუფლებასაც პრიორიტეტად მიაჩნია. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ კარგი საგრანტო განაცხადები გაკეთდება და საბოლოო ჯამში ის  დიდი დახმარება, რომელსაც ავსტრიისა და შვეიცარიის მთავრობები უწევს ჩვენს ქვეყანას იქნება ეფექტიანი,“- განაცხადა მურღულიამ.

შეხვედრა საინტერესო აღმოჩნდა რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მცირე მეწარმეთათვისაც,მათ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსებთან დაკავშირებით უამრავი იდეა და პროექტი დაასახელეს, როგორც მცირე მეწარმემ, ლილი  მაისურაძემ განაცხადა, მისთვის მნიშვნელოვანია ეს შეხვედრა და აპირებს ერთერთ ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად ჩაერთოს საგრანტო კონკურსში.

“მე მაქვს ონში თექის საწარმო “ედენა“ , მისი გაფართოვებით მინდა დავეხმარო სხვა ქალბატონებსაც, 2015 წელს ჩემი საწარმო ასევე საგრანტო კონკურსით დაფინასდა და გადავამზადეთ რამდენიმე თექის ოსტატი, ამ დროისთვის 5 ქალი ვართ დასაქმებული,ნაწილი სოციალურად დაუცველია, მინდა სხვა ქალბატონებიც დავასაქმო, რადგან ბაზარზე მოთხოვნა თექის ნაწარმზე ნამდვილად დიდია,“- განაცხადა ლილი მაისურაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები