გიგი უგულავა: უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარება, პირველ რიგში, პრაგმატულადაა ჩვენი ეკლესიისთვის მომგებიანი

0

უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარება, პირველ რიგში, პრაგმატულადაა ჩვენი ეკლესიისთვის მომგებიანი, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა სოციალურ ქსელში წერს.
“უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარება, პირველ რიგში, პრაგმატულადაა ჩვენი ეკლესიისთვის მომგებიანი. ჩვენთვისვეა უკეთესი, რომ “აღიარების მინიჭების/აღდგენის უფლება” მსოფლიო საპატრიარქოზე იყოს “დამაგრებული”, რადგან იქ გაცილებით მეტი დაზღვევის მექანიზმი არსებობს, ვიდრე რუსეთის ეკლესიაში, რომელიც სამწუხაროდ სრულად წარმოადგენს კრემლის პოლიტიკურ ინსტრუმენტს. ეს თემა ეკლესიურია თავისი ბუნებით, თუმცა შეიცავს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მდგენელს. ჩვენი ეკლესიის ადგილი არაა რუსეთის ეკლესიის კალათაში, ჩვენი ადგილია თავისუფალი მართლმადიდებელი ეკლესიების კალათაში, იქ სადაც ღმერთს და სამშობლოს ისე ემსახურებიან, რომ სხვებს არ ავიწროებენ და შეურაცხყოფენ. ანალოგიით თუ ვიმსჯელებთ მსოფლიო საპატრიარქო ამერიკაა, ელადა კი – ევროკავშირი. რუსეთი აქაც რუსეთია – მოძალადე და დამპყრობელი. ყველა ვხვდებით, რომ აღიარება დროის საკითხია, მაგრამ ჩვენი ამოცანა უნდა იყოს არა გაწელვა, არამედ დაჩქარება. და ეს ჩვენი ეკლესიისა და სახელმწიფოს ინტერესშია. მიხარია რომ მელქისედეკ ხაჩიძე ახალი თაობის ის იერარქია, რომელსაც სრულად ესმის ჩვენი ეკლესიის “შემობრუნების” აუცილებლობა. პატრიარქმა ბართლომეოსმა რამდენჯერმე განსაკუთრებული სითბოთი როგორც პირადი მეგობარი მოიხსენია მეუფე მელქისედეკი, აღნიშნა მისი როლი ეკლესიების ურთიერთობის განმტკიცებაში. იმედი მაქვს, რომ წმინდა სინოდის მოახლოებასთან ერთად სულ უფრო მეტი ჩვენი იერარქი ხმამაღლა დააფიქსირებს უკრაინის ავტოკეფალიის აღიარების მოთხოვნას”, – წერს უგულავა.

კომენტარები

კომენტარი