მიხეილ ყაველაშვილი: ყოველი ერის ისტორიაში არის თარიღები, რომელიც მის რაობასა და მომავალს განსაზღვრავს, ქართველი ერისთვის ასეთი დღე – 26 მაისია, ას რვა წლის წინ, საუკუნოვანი ანექსიის შემდეგ, ქვეყანამ აღიდგინა სახელმწიფოებრიობა და მსოფლიომ იხილა დამოუკიდებელი, თავისუფალი საქართველო
„ძვირფასო თანამემამულენო, გილოცავთ ჩვენი ისტორიის უმთავრეს ეროვნულ დღესასწაულს – საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. განსაკუთრებით გილოცავთ მათ, ვინც დღეს სამშობლოს ერთგულება შეჰფიცეთ და საქართველოს ჯარისკაცის სახელი მოიპოვეთ”,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ყველა ერის ისტორიაში არის თარიღები, რომელიც მის რაობასა და მომავალს განსაზღვრავს. ქართველი ერისთვის კი ასეთი დღე 26 მაისია.
„ყოველი ერის ისტორიაში არის თარიღები, რომელიც მის რაობასა და მომავალს განსაზღვრავს. ქართველი ერისთვის ასეთი დღე – 26 მაისია. ას რვა წლის წინ, საუკუნოვანი ანექსიის შემდეგ, ქვეყანამ აღიდგინა სახელმწიფოებრიობა და მსოფლიომ იხილა დამოუკიდებელი, თავისუფალი საქართველო.
ჩვენმა წინაპრებმა ხმლით, კალმით, ლოცვითა და თავდადებული საქმით დღემდე მოიტანეს ქართული სახელმწიფოებრიობის წმინდა იდეა და საუკუნეების განმავლობაში გადატანილი არაერთი განსაცდელის მიუხედავად, ჩვენ გადავრჩით! გადავრჩით რადგან გავიმარჯვეთ უმთავრეს ომში, დავიცავით უმაღლესი ღირებულებები – სარწმუნოება, იდენტობა, ტრადიციები და არ დავთმეთ მშობლიური ენა”,- განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
როგორც საქართველოს პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ეროვნული იდენტობის, ისტორიული მეხსიერებისა და სულიერების შენარჩუნებაში გარდამტეხი როლი დედაეკლესიამ შეასრულა.
„ამ ურთულეს გზაზე, ჩვენი ეროვნული იდენტობის, ისტორიული მეხსიერებისა და სულიერების შენარჩუნებაში გარდამტეხი როლი შეასრულა ჩვენმა დედაეკლესიამ, რომელიც საუკუნეები რუდუნებით ინახავს ქართულ ცნობიერებას და თანამედროვე ქაოტურ სამყაროშიც ჩვენი დიდი იმედია. წელს ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილეს აღვნიშნავთ – ეს თარიღი კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, თუ რამდენად განუყოფელია ერთმანეთისგან ჩვენი ისტორია და სარწმუნოება. გვეამაყება, რომ ქართული კულტურა საკუთარი ტრადიციების ერთგულებასთან ერთად, სხვისი რწმენის პატივისცემასაც გვასწავლის. საუკუნეების განმავლობაში ჩვენს სიძლიერეს გამოხატავდა სწორედ ის, რომ საქართველო იყო განსხვავებული რელიგიისა და კულტურის მქონე ადამიანების მშვიდობიანი თანაცხოვრების ადგილი”,- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.