“ჩვენს რეგიონს მსგავსი ტიპის პროექტები სჭირდება” – ახალქალაქის მოსახლეობა საკვირაო სკოლების გახსნას საჭიროდ მიიჩნევს

ახალქალაქის სოფლებში ბიბლიოთეკები და საკვირაო სკოლების გაიხსნის იდეამ ადგილობრივებში დიდი ინტერესი გამოიწვია.

როგორც ახალქალაქის მოსახლეობა “რეგიონულ კვირასთან” საუბარში ამბობს, მსგავსი პროექტები რეგიონისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ახალგაზრდებს სკოლის გარდა წასასვლელი არსად აქვთ.

ისინი დარწმუნებულნი არიან. რომ სოფლების ახალგაზრდობა აუცილებლად ისარგებლებს როგორც საჯარო ბიბლიოთეკით, ასევე საკვირაო სკოლებით.

“ჩვენს რეგიონს მსგავსი ტიპის პროექტების განხორციელება აკლია. ახალგაზრდებს სკოლის გარდა წასასვლელი არსად აქვს, რომ თანატოლებთან ერთად საკუთარი ცოდნა გაიღრმავონ. მივესალმები ახალ ინიციატივას, მჯერა რომ ახალგაზრდები მაქსიმალურად გამოიყენებენ მოცემულ შესაძლებლობას”,- ამბობს ანნა დუმანიანი.

სოფელ კარტიკამის მაცხოვრებელმა, მარია გინოიანმა აღნიშნული პროექტის შესახებ დღეს შეიტყო. როგორც ის ამბობს, მის სოფელში ჯერ არ იციან ეს ამბავი, თუმცა ფიქრობს რომ ახალგაზრდები აქტიურად ივლიან საკვირაო სკოლებში.

“ვფიქრობ რომ ძალიან საინტერესო და კარგი წამოწყებაა, ახალგაზრდებს უნდა აინტერესებდეთ ასეთი იდეა. ვფიქრობ , რომ აქტიურად ივლიან მოსწავლეები საკვირაო სკოლებშიც. მე სოფელ კარტიკამიდან ვარ და ალბათ ჩემი სოფლელებმა ჯერ არ იციან ამის შესახებ”,- აცხადებს მარია გინოიანი.

ცნობისთვის, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის გიორგი კეკელიძის განცხადებით, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში, ბიბლიოთეკები და საკვირაო სკოლები გაიხსნება, სადაც თვეში ერთხელ ლექციები ჩატარდება.

“მორიგი დიდი ამბავი: ახალქალაქის ეთნიკურად სომეხი თანამოქალაქეებით დასახლებულ ყველა სოფლის სკოლაში ბიბლიოთეკა მოეწყობა, ამ სოფლებში მოეწყობა საკვირაო სკოლები, მასწავლებელი მე ვიქნები და შერჩეულ შაბათ-კვირას ჩავალ”, – წერს ფეისბუქის გვერდზე გიორგი კეკელიძე.

ეროვნულ ბიბლიოთეკას, საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტსა (GIPA) და კომპანია გალფს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი დღეს, ცხრა ოქტომბერს გაფორმდა. პროექტს მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები