თბილისში ემირ ბურჯანაძის სახელობის ქუჩა გაიხსნა

დღეს, თბილისის საკრებულოს სახელდების და სიმბოლიკის კომისიის ინიციატივით, სამგორის რაიონში, მხატვარ-მონუმენტალისტის, თბილისის საპატიო მოქალაქის და დედაქალაქის გერბის და დროშის ავტორის, ემირ ბურჯანაძის სახელობის ქუჩა გაიხსნა.
ცერემონიას ემირ ბურჯანაძის ოჯახის წევრები, მეგობრები, პარლამენტის და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები, სამგორის რაიონის გამგებელი დაესწრნენ.
ღონისძიება სიმბოლურად მხატვრის გარდაცვალებიდან 5 წლისთავს დაემთხვა.
თბილისის საკრებულოს სახელდების და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარის, თინათინ ნიბლოშვილის განცხადებით, საკრებულო აგრძელებს იმ ადამიანთა ღვაწლის სათანადოდ დაფასებას, რომლებსაც განსაკუთრებული წვლილი აქვთ შეტანილი ჩვენი ქვეყნის და ქალაქის ისტორიაში.
„ქუჩისთვის ემირ ბურჯანაძის სახელის მინიჭების საკითხზე საკრებულო რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდა. მოხარული ვარ, რომ ამ ღვაწლმოსილი ადამიანის გარდაცვალებიდან 5 წლის თავზე გვიწევს მისი სახელობის ქუჩის გახსნა. მნიშვნელოვანია, ფართო საზოგადოებას სრული ინფორმაცია ჰქონდეს იმ შემოქმედებაზე, რომელიც ემირ ბურჯანაძემ დაგვიტოვა. განსაკუთრებული ხაზგასმით მინდა აღვნიშნო თბილისის ლოგო, რომელშიც ერთადაა თავმოყრილი ყველა ის სიმბოლო, რომლითაც თითოეული ჩვენთაგანი ვამაყობთ”,- განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის გადაწყვეტილებით, სამგორის რაიონში, გარდაბნის გზატკეცილის მონაკვეთს, მასთან არსებულ ოთხ შესახვევს, სამ ჩიხსა და ერთ გასასვლელს მხატვარ-მონუმენტალისტის, ემირ ბურჯანაძის სახელი მიენიჭა.
ქართველი გრაფიკოსის და მხატვარ-მონუმენტალისტის ემირ ბურჯანაძის მიერ შექმნილი 7 საფირმო ნიშანი საფირმო და სასაქონლო ნიშნების საერთაშორისო კატალოგშია შესული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები