ირაკლი ბერაია: ვახტანგ გომელაურის საქმიაობა სუს-ის უფროსის პოსტზე უმაღლეს შეფასებას იმსახურებს

გენერალ გომელაურის ხელმძღვანელობით, უსაფრთხოების სამსახურმა წარმატებით ჩააბარა საქართველოს ტერორისტული საფრთხეებისგან დაცულობის ყველაზე მნიშვნელოვანი ტესტი, როდესაც მოახერხა ურთულესი ამოცანების შესრულება, რასაც ხშირ შემთხვევაში ვერ ახერხებენ ბევრად ძლიერი ქვეყნების სპეცსამსახურები, – ასე აფასებს მმართველი გუნდის წევრი ირაკლი ბერაია სუს-ის ყოფილი ხელმძღვანელის და შს მინისტრის ვახტანგ გომელაურის საქმიანობას.

“ვახტანგ გომელაურმა უსაფრთხოების სამსახური ჩამოაყალიბა მაღალი ოპერატიული და ინსტიტუციური შესაძლებლობების დასავლურ სპეცსამსახურად, მაღალი პროფესიული სტანდარტის უწყებად და სანდო საერთაშორისო პარტნიორად. დაარსების დღიდან, სუს-ი ეფექტიანად მოქმედებს ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებული საფრთხეების სხვადასხვა გამოვლინების წინააღმდეგ, მათ შორის კონტრსადაზვერვო, ანტიკორუფციულ და მასობრივი განადგურების იარაღის შექმნისთვის აუცილებელი კომპონენტების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროებში. ხაზგასასმელია უსაფრთხოების სამსახურის როლი ოკუპაციით გამოწვეული პრობლემების საპასუხოდ, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ვითარების დეესკალაციასა და უსაფრთხოების ზომების კოორდინაციაში.

განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს უწყების საქმიანობა ტერორიზმთან ბრძოლის კუთხით. გენერალ გომელაურის ხელმძღვანელობით, უსაფრთხოების სამსახურმა წარმატებით ჩააბარა საქართველოს ტერორისტული საფრთხეებისგან დაცულობის ყველაზე მნიშვნელოვანი ტესტი, როდესაც მოახერხა ურთულესი ამოცანების შესრულება, რასაც ხშირ შემთხვევაში ვერ ახერხებენ ბევრად ძლიერი ქვეყნების სპეცსამსახურები – ტერორისტული საფრთხის წარმოშობის ეტაპზევე ჩახშობა და ტერორისტული აქტების პრევენცია. სამსახურის საქმიანობა აღიარებულია ჩვენი პარტნიორი ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ, რასაც ადასტურებს არაერთი ანგარიში, მათ შორის აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშები, სადაც სამსახური მოხსენიებულია როგორც კარგად მომზადებული და აღჭურვილი უწყება.

დაარსებიდან 4 წლის თავზე უსაფრთხოების სამსახურმა მიაღწია კონდიციას, როდესაც ეფექტიადან პასუხობს არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს, არამედ საკვანძო როლს ასრულებს ამ რთულ რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვაკუუმის შემცირებასა და მართვაში. განსაკუთრებით გამოვყოფდი ბატონი ვახტანგის პერსონალურ წვლილს უსაფრთხოების სამსახურის პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიმტეტთან თანამშრომლობაში და ანგარიშვალდებულების მაღალი სტანდარტის დამკვიდრებაში. სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ მას და წარმატებებს ვუსურვებ შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე”, – აცხადებს ბერაია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები