ვახტანგ მახარობლიშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის წევრებს ოკუპირებულ რეგიონებში ბოლო განვითარებების შესახებ ესაუბრა

0

საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ვახტანგ მახარობლიშვილმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლებთან, ტიტუს კორლატეანთან და კლოდ კერნთან შეხვედრა გამართა.

საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ევროპის საბჭოს მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე ვითარების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. მან ყურადღება გაამახვილა ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებსა და რუსეთის ფედერაციის უკანონო ქმედებებზე. ვახტანგ მახარობლიშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში საერთაშორისო მონიტორინგის მისიების შესვლის აუცილებლობას.

მინისტრის პირველმა მოადგილემ მადლობა გადაუხადა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლებს იმ განცხადებებისთვის, რომლებიც ეხება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე უკანონო ქმედებებს. მან ასევე ხაზი გაუსვა საქართველოსთან დაკავშირებული საკითხების საერთაშორისო დღის წესრიგში მუდმივად ყოფნის აუცილებლობას და მნიშვნელობას.

საუბარი ასევე შეეხო ევროპის საბჭოსთან თანამშრომლობას და ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის საქართველოს თავმჯდომარეობას 2019 წლის ნოემბრიდან, რომელიც უმნიშვნელოვანეს მოვლენას წარმოადგენს.​

საუბრის დასასრულს, თანამომხსენებლებმა მადლობა გადაუხადეს მინისტრის პირველ მოადგილეს შეხვედრისა და ინფორმაციის მიწოდებისათვის.

16-19 სექტემბერს საქართველოში ვიზიტით იმყოფებიან ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლები, ტიტუს კორლატეანი და კლოდ კერნი. ვიზიტის მიზანს წარმოადგენს საქართველოში არსებული პოლიტიკური კლიმატის, ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმებისა და აღნიშნული კუთხით საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯების შეფასება.

კომენტარები

კომენტარი