„მისი ამოცანა მომიტინგეების დაცვა იყო“ – ბეჟან ლორთქიფანიძის დაცვის მხარე სასამართლო პროცესზე დევნის შეწყვეტის შესახებ შუამდგომლობას დააყენებს

20-21 ივნისის საქმეზე ბრალდებულის, სახეობათა კონსერვაციის სამეცნიერო-კვლევით ცენტრ „ნაკრესის“ გამგეობის წევრის, ბეჟან ლორთქიფანიძის დაცვის მხარე ხვალინდელ სასამართლო პროცესზე დევნის შეწყვეტის შესახებ შუამდგომლობას დააყენებს.
ამის შესახებ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერნეციაზე ლორთქიფანიძის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ განაცხადა. მისი თქმით, დაცვის მხარეს მტკიცებულებად წარდგენილი აქვს უწყვეტი ვიდეომასალა, სადაც ჩანს, როგორ ვითარდებოდა მოვლენები. ადვოკატი აცხადებს, რომ ბეჟან ლორთქიფანიძის ამოცანა სპეცრაზმელზე ძალადობა კი არ ყოფილა, არამედ ცდილობდა, დაეცვა აქციის ის მონაწილეები, რომლებსაც დაუდგენელი პირები პოლიციის კორდონში მიათრევდნენ.
„ხვალ თბილისის საქალაქო სასამართლოში 13:00 საათზე დანიშნულია ბეჟან ლორთქიფანიძის და კიდევ 4 პირის საქმის წინასასამართლო განხილვა. სხვა პირები ამ ეტაპზე ,სამწუხაროდ, ამ სასამართლო სისტემის სამარცხვინოდ, დღემდე რჩებიან პატიმრობაში . წინასასამართლო სხდომაზე ხდება მტკიცებულებათა ნუსხის დამტკიცება , ხდება აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობა. ბოლო ეტაპია დევნის შეწყვეტის შესახებ შუამდგომლობა. ანუ წინასასამართლო სხდომაზე უნდა გადაწყდეს , საქმე არსებითად განსახილველად უნდა გადაეცეს , თუ არა მოსამართლეს. მიგვაჩნია, რომ ხვალინდელ პროცესზე ძალინ მნიშვნელოვანი საკითხები უნდა იქნას განხილული. პირველ რიგში, პატიმრობაში მყოფ პირთა გათავისუფლების საკითხი უნდა დადგეს. ეს ადამიანები გათავისუფლებულები უნდა იყვნენ, თუ მოსამართლეს ოდნავ მაინც პროფესიული ღირსება და გამბედაობა ეყოფა. ეს ხალხი პირადად გახარიას პატიმრები არიან.
რაც შეეხება დევნის შეწყვეტის საკითხს – ჩვენ მომზადებული გვაქვს შუამდგომლობა და ეს შუამდგომლობა ეყრდნობა როგორც დაცვის მხარის მოპოვებულ მნიშვნელოვან მტკიცებულებებს , ასევე ბრალდების მხარის მიერ დაცვის მხარისთვის გაცვლილ ვიდეომასალებს, სადაც ნათლად ჩანს, რომ ბეჟან ლორთქიფანიძე არ ჩადის არანაირ ძალადობრივ, დანაშაულებრივ ქმედებას. გვახსოვს , პროკურატურამ გაავრცელა კადრები, სადაც თითქოსდა, ჩანს, რომ ბეჟან ლორთქიფანიძე პოლიციელთან აგრესიულ ქმდებებშია და მითითება კეთდებოდა ფარით ფარზე კონტაქტის შესახებ. ამის შემდეგ ჩვენ მოვიპოვეთ და სრული მოცულობით ამოვიღეთ მასალები , რაც ასახავდა დროის იმ მონაკვეთში ბეჟან ლორთქიფანიძის ქმდებებს. რეალურად რასთან გვაქვს საქმე: ლორთიქფანიძე იყო მშვიდობიანი დემონსტრანტი მთელი აქციის მიმდინარეობის პროცესში, მაშინ როცა დაიწყო აქციის დარბევა, ბეჟან ლორთქიფანიძეს ეჭირა ფარი, მხოლოდ და მხოლოდ იმ მიზნით , რომ რეზინის ტყვიებისგან თავი დაეცვა. ბეჟან ლორთქიფანიძე სხვა პირებთან ერთად მშვიდობიანად მოუწოდებდა პოლიციელებს , შეეწყვიტათა ძალადობა და ამ დროს კადრში ჩნდებიან სამოქალაქო ფორმაში გამოწყობილი , ჯანიანი მამაკაციები , რომლებიც მოაპობენ პოლიციის კორდონს , მშვიდობიან მომიტინგეებს სტაცებენ ხელს და ფიზიკური შეურაცხყოფის კვალდაკვალ ათრევენ ამ კორდონში. როცა ხალხის შეთრევა ხდება კორდონში , ამავე დროს ხდება მათზე ძალადობა პოლიციელთა მხრიდან. ამ პროცესისთვის ხელის შეშლა იყო სრულიად კანონიერი, რადგანაც როცა უკანონობას ჩადის თუნდაც სამართალდამცველი მოქალაქეს აქვს უფლება, არ დაემორჩილოს ამ უკანონობას. როცა უკანონობას ჩადის გაურკვეველი წარმომავლობის პირი, რომელიც ვერ იდენტიფიცირდება, პოლიციის თანამშრომელია, თუ ვინ არის, ამ შემთხვევაში მოქალაქეს დახმარების ვალდებულება აქვს. ამ მომენტში იყო ფარით ფარზე კონტაქტი ბეჟან ლორთქიფანიძესა და სპეცრაზმელს შორის. ლორთქიფანიძის ამოცანა ის კი არ იყო, რომ სპეცრაზმელზე ეძალადა , მისი ამოცანა იყო, ადამიანი , ვისაც მიათრევდნენ , ის დაეცვა. მან განსაცდელში არ მიატოვა სხვა მოქალაქე, არ გამოიჩინა გულგრილობა, ეს შეაფასო კრიმინალად, ეს არის ამ პროკურატურის სირცხვილი, თუ სასამართლო წაყვება პროკურატურას ამ ლოგიკაში იქნება სასამართლოს სირცხვილიც“- განაცხადა ბასილაიამ.
შეგახსენებთ, ბეჟან ლორთქიფანიძე 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე 25 ივლისს ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დააკავეს . საქალაქო სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.10 აგვისტოს ბეჟან ლორთქიფანიძე პატიმრობიდან გაათავისუფლეს.
ლორთქიფანიძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახე – პატიმრობა 5 ათას ლარიანი გირაოთი შეიცვალა. აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე პროკურატურამ სასამართლოს მას შემდეგ მიმართა, რაც ადვოკატებმა პროკურატურას ბეჟან ლორთქიფანიძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დოკუმენტაცია წარუდგინეს.
ბეჟან ლორთქიფანიძე საქართველოს ბუნების მკვლევარია. მის სახელს უკავშირდება: 2003 წელს საქართველოში დიდი ხნის გადაშენებულად მიჩნეული ლეოპარდის აღმოჩენა; საქართველოში პირველად განხორციელებული დათვისა და მგლის ტელემეტრიული კვლევები; მსოფლიოში პირველად ჯიხვის სატელიტური რადიო-საყელოების მეშვეობით კვლევა. ლორთქიფანიძემ 2015 წლის 13 ივნისის წყალდიდობისას ზოოპარკიდან გამოქცეული ბეჰემოთი, სახელად ბეგი დააძინა.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები