დათა ვანიშვილმა მედლინ მუნს მიმართა – 88 წელიწადია, აქ ვცხოვრობ, საქართველოში და ახლა გავხდი რუსეთის?
88 წლის მოხუცმა, რომელიც საოკუპაციო ხაზთან ცხოვრობს და მავთულხლართების მიღმა იმყოფება, დღეს ხურვალეთში მისულ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ მედლინ მუნს მიმართა.
როგორც დათა ვანიშვილმა განაცხადა, ის მუდმივი ზეწოლის ქვეშ იმყოფება და ამბობს რომ პატიმარია.
„ცოდო არ ვარ? პატიმარი ვარ, არსად მიშვებენ, 88 წელიწადია, აქა ვცხოვრობ, საქართველოში. აქ დავიბადე, აქ გავიზარდე და ახლა გავხდი რუსეთის? ნაკვეთები მეორე მხარესაა. სხვები ამუშავებენ და მე არაფერს მაძლევენ. რა ვჭამო, როდემდე ვიყო ეგრე. დედაკაციც მყავს აგერ ცუდად და არ მიშვებენ, გორში წავიყვანო ან თბილისში, რომ ექიმებს ვაჩვენო. მითხარით, როგორ მოვიქცე, თუ არაფერი მეშველება, თავი მაინც მოვიკლა. აი, იქით რომ დიდი ჭადარია, იქ ჩემი ნაკვეთებია, დავამუშავო მინდა და ცოტა ლუკმა ვჭამო“, – მიმართა დათა ვანიშვილმა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს.
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი მედლინ მუნი სხვა ოფიციალურ წარმომადგენლებთან ერთად დღეს ხურვალეთში, საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა.
ის არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო, ასევე დათა ვანიშვილსაც გაესაუბრა და მას სიმამაცისთვის მადლობა გადაუხადა.