თამარ ჩუგოშვილი: ვისურვებდი, როგორც ადგილობრივ თვითმმართველობებში, ასევე პარლამენტში, ქალების წარმომადგენლობა იყოს უფრო მაღალი და უფრო სამართლიანი

„კარგად მესმის, თუ რამხელა შრომა, ენერგია, თავდადება და გამბედაობა გაქვთ თითოეულ ქალს ჩადებული თქვენს საქმიანობაში და იმაში, რომ ადგილობრივ თვითმმართველობებში იყოთ საქართველოს მოსახლეობის წარმომადგენლები. ვისურვებდი, რომ ყოველ მომდევნო წელს, ეს შემადგენლობა იყოს უფრო დიდი, რაც ნიშნავს იმას, რომ როგორც საკრებულოებში, ასევე საქართველოს პარლამენტში, ქალების წარმომადგენლობა იყოს უფრო მაღალი, უფრო სამართლიანი და რაც მთავარია, ნაკლები დაბრკოლებები გვხვდებოდეს ჩვენ ერთად იმ გზაზე, რასაც პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩვენი საზოგადოების წარმომადგენლობა ჰქვია,” – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ, თამარ ჩუგოშვილმა საქართველოს საკრებულოს წევრ ქალთა ფორუმის მეექვსე ყოველწლიურ კონფერენციაზე განაცხადა.
მან დეტალურად ისაუბრა პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს საქმიანობის ორ მიმართულებაზე: ქალთა პოლიტიკურ მონაწილეობასა და ეკონომიკურ გაძლიერებაზე.
„ეს არის ორი თემა, რომლებიც ჩვენთვის იყო და არის პრიორიტეტი, განსაკუთრებით ეკონომიკური გაძლიერება, რომელიც წელს შევარჩიეთ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხად. გენდერული თანასწორობის საბჭოსთვის ეს საკითხი კვლავ შეინარჩუნებს მნიშვნელობას და აქტუალობას, რადგან, საბოლოო ჯამში, ჩვენი ქალებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თემა არის ის, რომ გქონდეთ შემოსავალი, გქონდეთ სამსახური, გქონდეთ დამოუკიდებლად არსებობის წყარო და შესაძლებლობა. ეს შემდგომ განსაზღვრავს ძალიან ბევრ რამეს, მათ შორის – სურვილს, რომ აქტიურად მიიღოთ მონაწილეობა პოლიტიკაში,” – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.
​პოლიტიკური მონაწილეობის ხელშეწყობასთან დაკავშირებით საუბრისას, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს კონსტიტუციაში, ახლა უკვე ძალიან ნათლად და მკაფიოდ არის გაწერილი სახელმწიფოს ვალდებულება არსებითი თანასწორობა უზრუნველყოს ქალებსა და კაცებს შორის.
„ეს იმას ნიშნავს, რომ მხოლოდ დეკლარაციული ნორმებით და ფრაზებით არ უნდა შემოვიფარგლოთ, არამედ უნდა გადავდგათ კონკრეტული ნაბიჯები, რომ ეს თანასწორობა უზრუნველყოფილი იყოს,” – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.
მისივე თქმით, 2017 წლის ბოლოს ვერ მოხერხდა პოლიტიკური შეთანხმება კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც გენდერულად დაბალანსებული საარჩევნო სიების წარდგენას შეეხებოდა, თუმცა ახლა სხვა რეალობაა, რადგან გადავდივართ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე და 2020 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები იქნება მთლიანად პროპორციული.
„ჩვენ, პრინციპში, პოლიტიკურ პარტიებთან შევთანხმდით, რომ მივიღებთ მნიშვნელოვან წამახალისებელ ნორმებს. კანონმდებლობაში ჩავწერთ, რომ პარტია, რომლის საარჩევნო სიაში 30%, ანუ ყოველი მესამე კანდიდატი განსხვავებული სქესის იქნება, მიიღებს დამატებით საბიუჯეტო დაფინანსების 30%-ს, რაც საკმაოდ დიდი თანხაა და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პოლიტიკური პარტიებისთვის. ამიტომ, ვფიქრობ, რომ 2020 წელს არჩეული პარლამენტი იქნება ბევრად უფრო წარმომადგენლობითი ქალებისთვის, ვიდრე ეს დღეს არის და ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ, რომ ამ პროცესს მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ. რაც შეეხება თვითმმართველობის არჩევნებს, იმედი მაქვს, რომ საკრებულოებისთვის 30%-იანი კვოტის გატანა შესაძლებელია. ვინაიდან თვითმმართველობის არჩევნებზე შერეული სისტემა რჩება, შეიძლება ვისაუბროთ იმაზე, რომ კვოტების გზით ხელი შევუწყოთ საკრებულოში ქალთა რაოდენობის გაზრდას,” – აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.
ქალთა ეკონომიკური გაძლიერების საკითხზე საუბრისას, პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ განაცხადა, რომ წელს მიმდინარეობდა მუშაობა სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ეკონომიკური პროგრამების ქალებისთვის ხელმისაწვდომობის შესწავლის მიმართულებით.
„პარლამენტი არის აქტიური და მონდომებული იმისთვის, რომ ის პროგრამები, რომლებსაც სახელმწიფო ახორციელებს, რთულად კი არ იყოს ქალებისთვის ხელმისაწვდომი, არამედ იყოს გახსნილი, ღია და მომართული იმისკენ, რომ დაეხმაროს და ხელი შეუწყობს რაც შეიძლება მეტი ქალი ჩართოს ამ პროგრამებში,” – აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.
​მისივე თქმით, ქალების ეკონომიკური გაძლიერების საკითხზე მუშაობისას, ყურადღება ასევე გამახვილდა პროფესიულ გადამზადებაზე: „პროფესიული გადამზადების კვლევა აჩვენებს, რომ თუ სწორად არის გამართული პროგრამები, მაშინ დასაქმების მაჩვენებელი არის ძალიან მაღალი – 60%-ზე მეტი და ძალიან ბევრი ქალი, რომელიც გადამზადებას გადის, შემდეგ სამსახურს შოულობს”.
ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას, პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ განაცხადა, რომ დაგეგმილია შრომის კოდექსში ცვლილებების შეტანა, რომლებიც ქალებისთვის კერძო სექტორში გარემოს უფრო ხელსაყრელს გახდის.
​მან ასევე ისაუბრა სექსუალური შევიწროების შესახებ განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომლის ინიციატორიც პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოა.
​საქართველოს საკრებულოს წევრ ქალთა ფორუმის მეექვსე ყოველწლიური კონფერენციის სადისკუსიო პანელში – „ქალებისა და ახალგაზრდების ეკონომიკური გაძლიერება ადგილობრივ დონეზე” ასევე მონაწილეობა მიიღო პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრმა, ნინო წილოსანმა, რომელმაც ისაუბრა საბჭოს მიერ განხორციელებული თემატური მოკვლევის – „ქალთა ხელმისაწვდომობა სახელმწიფო ეკონომიკურ პროექტებზე” ძირითად მიგნებებსა და რეკომენდაციებზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები