რუსკა თევზაძე: თბილისში მიმდინარე საერთაშორისო ეკონომიკური კონფერენცია ძალიან მნიშვნელოვანი და პოლიტიკურად სტრატეგიულია

ძალიან მნიშვნელოვანია და პოლიტიკურად სტრატეგიულიც თბილისში მიმდინარე საერთაშორისო ეკონომიკური კონფერენცია, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელ-კანცლერი რუსკა თევზაძე წერს.
“ქვეყნის მდგრადი განვითარების წინაპირობა ეკონომიკური გლობალიზაციაა. ცხადია, შიდა ეკონომიკური კონტექსტისა და თვისობრივი თავისებურებების გათვალისწინებით. ამდენად, ძალიან მნიშვნელოვანია და პოლიტიკურად სტრატეგიულიც თბილისში მიმდინარე საერთაშორისო ეკონომიკური კონფერენცია. აღნიშნული, აქტიური და მრავალპროფილიანი საერთაშორისო ეკონომიკური გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობას იძლევა, როგორც პოლიტიკის ასევე პრაქტიკის დონეზე.
XX საუკუნის 90-იან წლებიდან დღემდე მიმდინარეობს საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური ტრანსფორმაცია, კერძოდ შეიცვალა ე.წ. სოციალურ-ეკონომიკური წესრიგი, რომელიც ითვალისწინებდა წარმოების საშუალებების საერთო საკუთრებაში ფლობას და არაკონკურენტუნარიანი, ერთიანი და ერთგვაროვანი სოციალური კლასის არსებობას. შედეგები დღემდე სენსიტიურია და რაც მთავარია არაერთგვაროვანი რეგიონულ ჭრილში. ყოველივე ეს კი ქმნის ახალ რეალობას სოციალურ-ეკონომიკური უსაფრთხოების კუთხით და ჩნდება საჭიროება თანამედროვე, ჩვენს ქვეყანაზე და მის მოსახლეობაზე მორგებული უსაფრთხოების მექანიზმების შემუშავებისა.
ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობა ნებისმიერი ქვეყნის მართვის უმნიშვნელოვანესი მექანიზმია. მოწყობის საყრდენ ბერკეტს, კი რეგიონის ეკონომიკური შესაძლებლობები წარმოადგენს, რაც განპირობებულია მასში ფუნქციონირებადი სტრატეგიული ეკონომიკური სუბიექტების, ანუ ძლიერი ადგილობრივი და უცხოური კომპანიების არსებობით.
ამასთან დაკავშირებით ძალიან აქტუალური ხდება ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობისა და ტერიტორიულ-სივრცითი განვითარების ორგანიზაცია. კერძოდ, ტერიტორიული ცენტრების, ეკონომიკური კლასტერების ფორმირება-განვითარება, ადმინსტრაციულ-ტერიტორიული მართვის დროს აქცენტის გადატანა მაკროეკონომიკიდან მიკროეკონომიკაზე და გარკვეულ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში კომპანიათა გეოგრაფიული კონცენტრაციის ხელშეწყობა ხელისუფლების მხრიდან!!!
თანამედროვე ეკონომიკის განვითარება მოითხოვს ტოპ-მენეჯერებისგან მაღალი დონის ბიზნეს-ადმინისტრირებას. კერძოდ, ახალი ბიზნეს-ქსელებისა და ურთიერთობების ჩამოყალიბებას, კონკურენტებთან ბრძოლაში ახალი პროგრესული მეთოდების გამოყენებას, ბაზრის ათვისებაში სხვა კომპანიებთან კოოპერაციას, კლასტერის შიგნით ინოვაციების მოზიდვასა და კონკურენტუნარიანობის ამაღლებაზე ძალისხმევის კონცენტრაციას. ეს მნიშვნელოვანია ეკონომიკის დარგობრივი მართვიდან დარგთაშორისი სტრუქტურების მართვაზე გადასვლასთან დაკავშირებითაც. დარგთაშორისი ეკონომიკური სტრუქტურების არსებობა კონკურენტუნარიანი ბიზნესის განვითარების საუკეთესო ინსტრუმენტია, ხოლო საბაზრო ეკონომიკის პირობებში ბიზნესის მოცულობა, მისი ხარისხი, კომპანიების სიძლიერე, მოსახლეობის კეთილდღეობის გარანტიაა და უზრუნველყოფს ქვეყნის ეკონომიკურ უსაფრთხოებას, რაც ქვეყნის ეკონომიკური ავტორიტეტის წინაპირობაა”, – წერს რუსკა თევზაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები