რუსეთის ელჩი სერბეთში საპროტესტო აქციების განახლებას არ გამორიცხავს
სერბეთში საპროტესტო აქციები არ შეწყვეტილა, შესაძლოა, ისინი ყველაზე მწვავე ფორმით განახლდეს, თუმცა, ჯერჯერობით არ არსებობს ინფორმაცია ახალი აქციის გამოცხადების შესახებ, – ამის შესახებ სერბეთში რუსეთის ელჩმა, ალექსანდრ ბოცან-ხარჩენკომ განაცხადა.
„მთელი ეს საპროტესტო მოძრაობა, ბუნებრივია, არ შეწყვეტილა, ის გრძელდება და შესაძლოა განახლდეს ყველაზე მწვავე, თუ არა რადიკალური, ფორმებით… ჯერჯერობით არ არსებობს ინფორმაცია, რომ რაიმე ახალი აქცია გამოცხადდა“, – აღნიშნა ბოცან-ხარჩენკომ.
მისი თქმით, ზოგჯერ აქციები სპონტანურად წარმოიშობა. ელჩმა ასევე დასძინა, რომ გასული წლის ნოემბერში დაწყებული საპროტესტო აქციები ახლა ახალ დონეზეა.
როგორც მან აღნიშნა, მომიტინგეები ძირითადად სერბეთის მოქალაქეები, ახალგაზრდები და სტუდენტები არიან; მომიტინგეებს შორის უცხოელები არ არიან.
„ისინი ამას გარედან ასტიმულირებენ… ეს ფერადი რევოლუციის ერთ-ერთი სახეობაა“, – თქვა ელჩმა.
შეგახსენებთ, რომ აქციის მონაწილეებმა ხელისუფლებას ვადამდელი არჩევნების ჩატარების მოთხოვნის ულტიმატუმით 25 ივნისს მიმართეს. როგორც იუწყებიან ულტიმატუმის ვადა 28 ივნისს ამოიწურა.
ამასთან, მათ მოთხოვნებს 28-დან 29 ივნისის ჩათვლით გამართული საპროტესტო აქციის დროს ყველა დაკავებული პირის გათავისუფლება დაემატა.
მანამდე, შინაგან საქმეთა მინისტრმა ივიცა დაჩიჩმა განაცხადა, რომ კვირას ღამით ბელგრადში არეულობის დროს შინაგან საქმეთა სამინისტროს 48 თანამშრომელი დაშავდა და 77 პირი დააკავეს. მისი თქმით, 22-მა ადამიანმა სასწრაფო სამედიცინო დახმარება მოითხოვა, მათგან ორს მძიმე დაზიანებები აღენიშნებოდა.