“მოსამართლე არასდროს უნდა ელოდეს ტაშს, რადგან სამართალი ყველაზე დიდი ოვაციაა” – ინტერვიუ ლეილა გურგუჩიანთან

2019 წლის 7 სექტემბერს საქართველოს სამართლის დარგის მოღვაწეთა სარეიტინგო საბჭომ ქვეყნის 8 მოსამართლეს “სამართლის ქურუმის” საპატიო წოდება მიანიჭა. ერთ-ერთი მათგანი ცაგერის მუნიციპალიტეტის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ლეილა გურგუჩიანია. თავდაპირველად სამედიცინოზე ჩააბარა, ექიმი ექსპერტი სურდა ყოფილიყო, თუმცა ორივე პროფესიის დაუფლების შემდეგ, მანამდე მიღებული გადაწყვეტილება გადააფასა და მიხვდა, სამართალს უნდა გაყოლოდა.
ლეილა გურგუჩიანისთვის მთავარი არა აპლოდისმენტები, არამედ სამართლიანობის განცდით ცხოვრებაა. ამ და სხვა დეტალებზე “კვირას” “სამართლის ქურუმის” ტიტულოსანი მოსამართლე ესაუბრა.

-თქვენ 8 რჩეულს შორის მოხვდით, რა შეგრძნებაა და როგორ ფიქრობთ – რა დამსახურებით?
-ჩემს დამსახურებებზე მე ვერ ვილაპარაკებ, ზუსტად ვიცი, მთავარია შენი საქმე აკეთო კომპეტენტურად. მოსამართლე ეს არის ქვეყნისა და უფლის წინაშე პასუხისმგებლობა დაკისრებული მოხელე, რომელსაც ჰყავს ყველაზე დიდი მსაჯული – ხალხი, ამ მსაჯულს ვერასდროს ვერაფერი ჩაანაცვლებს. მადლიერი ვარ, საზოგადოების ჩემდამი დამოკიდებულების გამო. ვთვლი, რომ მოსამართლის პერსონაზეა დამოკიდებული მისივე ბედი. ის თავისი ცხოვრებითა და მოღვაწეობით თვითონვე წყვეტს, როგორი იქნება მისდამი საზოგადოების განწყობა. ვერ გეტყვით, ვიმსახურებ თუ არა „სამართლის ქურუმის“ სტატუსს, ამაზე ახლა პასუხი ძალიან მიჭირს. არც მოლოდინის რეჟიმი მქონია ქურუმობისა, უბრალოდ, მე ვარ ადამიანი, რომელიც ყოველთვის აკეთებდა და მომავალშიც გააკეთებს საქმეს მაღალი ხარისხით.
-სხვადასხვა მუნიციპალიტეტების სასამართლოებშიც გიმუშავიათ, მშობლიურშიც, განსხვავება?
-სიმართლე გითხრათ, დიდ განსხვავებას ვერც ვხედავ, სამართალი ყველგან ერთია, მაგრამ მთაში რომ უფრო ძნელია მოსამართლეობა, ვიდრე ბარში, ეს უნდა ვთქვა. მთაში, სადაც მორალისა და ზნეობის აღიარებული ნორმების დაცვას გთხოვს მოსახლეობა, ხშირად თანხვედრაში არ მოდის კანონთან, აქედან გამომდინარე, დგახარ დილემის წინაშე – არც კანონი დაარღვიო და არც მორალი. ოქროს შუალედია საჭირო. იცით, ადამიანები, რომლებიც ხშირად მათთვის არასასურველი გადაწყვეტილებით გასულან სასამართლო დარბაზიდან, უკმაყოფილებას არ გამოთქვამენ, რადგან მე მათ ვაძლევ გონივრულ ვადებს, დაფიქრდნენ.
-მე ვიყავი თქვენთან სახალხო მსაჯულის რანგში რამდენიმე წლის წინ, ხშირად ემოციაც ვერ დაგიმალავთ..
-ჩვეულებრივ, ყველა მოსამართლე ადამიანია, მაგრამ სამართლისა და პროცესის დროს, ამ ყველაფერზე უნდა „გაცივდე“, რადგან საქმე გაქვს სამართალთან და დამნაშავესთან. დამნაშავედ არავინ იბადება, მას ცხოვრება სხვადასხვა სიურპრიზებსა და საცდუნებლებს სთავაზობს, ყველაფერი აფთიაქის პინაზე უნდა აწონ-დაწონო, გაიაზრო, კანონის ჩარჩოებში მოაქციო, არ არსებობს შედეგი, მიზეზის გარეშე. რაც შეეხება თქვენ მიერ გახსენებულ ფაქტს, ალბათ, სისხლის სამართლის საქმეს ვიხილავდით, ალბათ, ვაანალიზებდი მისი ცხოვრების ისტორიას, პირადულ მომენტებს, იმას, თუ როგორ გახდა კრიმინალი და ასე, ადამიანურად მძლია სურვილმა მისი თანადგომისა, მაგრამ ყოველთვის მყარად ვიცი, რომ ამას ვერ ავსახავ კანონში.
-რა არის თქვენთვის სასამართლო პროცესი?
-სასამართლო პროცესი ჩემთვის არის აქსიომა – იგი აუცილებლად უნდა იყოს ნებისმიერი მსჯავრდებულის რესოციალიზაციის საწყისი.
– თქვენი სუსტი მხარე?
-ხშირად მეკითხებიან ამას. ჩემი სუსტი მხარე არის ის, რომ ვერა და ვერ გადავლახე ზღვარი ადამიანის გაჭირვებულ ყოფასა და მოსამართლეობას შორის. ძალიან მოქმედებს ჩემზე, როცა პიროვნება შეჭირვებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო ხდება კრიმინალი.
– ბევრი საქმე გაგიუქმდათ საპირისპირო სარჩელის გამო, როგორია სტატისტიკა?
-სტაბილურობის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი მაქვს. იშვიათად, მაგრამ თუ გაუსაჩივრებიათ, მხოლოდ ცვლილება შესულა და სხვა არაფერი. გაუქმებით არა.
-და ბოლოს, რას ფიქრობთ “სამართლის ქურუმის” ტიტულზე?
– ეს ძალიან მაღალი წოდება და პასუხისმგებლობაა, გეფიცებით, სხვებისგან შევიტყვე. მოსამართლე არასდროს უნდა ელოდეს ტაშს, რადგან სამართალი ყველაზე დიდი ოვაციაა.

 

 

მარინე სვანიძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები