ბიომრავალფეროვნების შესახებ საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, საინფორმაციო შეხვედრები მცხეთა-მთიანეთის მხარეში გაიმართა

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა, ბიომრავალფეროვნების შესახებ საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, ადგილობრივი მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების მიზნით მცხეთა-მთიანეთის მხარეში საინფორმაციო შეხვედრები გამართა. გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ინფორმაციით, შეხვედრების პირველი ნაწილი გარეულ ცხოველთა რაოდენობის რეგულირების საკითხებს, მათ შორის, სამართლებრივი მარეგულირებელი ნორმების, რეგულირების პროცედურების, გარეულ ცხოველთა თავდასხმების გამომწვევი მიზეზებისა და პრევენციის ღონისძიებების გაცნობას დაეთმო. მეორე ნაწილში ყურადღება ქვეწარმავლებზე, ეკოსისტემაში მათ როლსა და მნიშვნელობაზე გამახვილდა. შეხვედრების მსვლელობისას მონაწილეებმა ექსპერტების დახმარებით ისწავლეს შხამიანი და არაშხამიანი გველების და მათი ნაკბენების ერთმანეთისგან გარჩევა მორფოლოგიური დაკვირვების მეთოდით და მიიღეს რჩევები, თუ როგორ უნდა მოიქცნენ გველების დანახვისას და კბენის შემთხვევაში.
შეხვედრებისას გამართული დისკუსიის დროს გარეულ ცხოველებთან დაკავშირებული მუნიციპალიტეტებისთვის დამახასიათებელი პრობლემური საკითხები გამოიკვეთა, რაზეც მონაწილეებმა დარგის სპეციალისტისგან კონკრეტული რეკომენდაციები მიიღეს.
შეხვედრების მონაწილეებს საინფორმაციო ხასიათის ტრიპლეტები “გაიგე მეტი” და “გარეული ცხოველები და ადამიანი” დაურიგდათ.
​გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი ბიომრავალფეროვნების შესახებ საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში შეხვედრებს მუნიციპალიტეტებში მთელი საქართველოს მასშტაბით გააგრძელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები