თეა წულუკიანი: EUROJUST-თან ხელმოწერილი შეთანხმების შედეგად, იუსტიციის სისტემა ევროკავშირის სივრცის ნაწილი გახდა

„EUROJUST-თან ხელმოწერილი შეთანხმების შედეგად, იუსტიციის სისტემა, რომელიც ევროპული გაგებით ნიშნავს არა მხოლოდ იუსტიციის სისტემას, არამედ პროკურატურის ორგანოებს და სასამართლოებს, გახდა ევროკავშირის სივრცის ნაწილი”,- ამის შესახებ იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა თეა წულუკიანმა გუშინ ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე ისაუბრა. მისივე თქმით, როდესაც საქართველო ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდება, იუსტიციის სამინისტრო იქნება ინიციატორი ევროპული კონფერენციისა აღდგენითი მართლმსაჯულების თემაზე.
​”იუსტიციის სამინისტრო გააგრძელებს ბრძოლას და მუშაობას იმისთვის, რომ უვიზო მიმოსვლის რეჟიმი შენარჩუნდეს ევროკავშირის ქვეყნებთან. აქ საკმაოდ დიდი როლი გვაკისრია საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საზღვრის მართვის სტრუქტურებსა და ჩვენს პოლიციასთან ერთად და ამ თანამშრომლობის რეჟიმში, რა თქმა უნდა, დავრჩებით.
წინა დამტკიცებისას მე გეუბნებოდით სწორედ ამ ტრიბუნიდან, რომ „EUROJUST”-თან ვაწერდით ხელს შეთანხმებას. ეს შეთანხმება ხელმოწერილია. შესაბამისად, შეთანხება 27 ივლისიდან არის ძალაში და საქართველოს იუსტიციის სისტემა ევროკავშირის სივრცის ნაწილია. თქვენ იცით, რომ ევროპული გაგებით იუსტიციის სისტემა არ ნიშნავს მხოლოდ სამინისტროს, არამედ ეს ნიშნავს პროკურატურის ორგანოებს, ნიშნავს სასამართლოებს. მთელი ჩვენი იუსტიციის სისტემა, ფართო გაგებით, 27 ივლისიდან გახლავთ ევროკავშირის სივრცის ნაწილი. ჩვენ გავაგრძელებთ სახელწიფო ინტერესის ეფექტურად დაცვას სტრასბურგისა და ჰააგის სასამართლოებში და როდესაც ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა ვიქნებით, იუსტიციის სამინისტრო იქნება ინიციატორი ევროპული კონფერენციისა აღდგენითი მართლმსაჯულების თემაზე”,-აღნიშნა თეა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები