ნოქალაქევის ნაქალაქარის არქეოლოგიური გათხრები მიმდინარეობდა
ნოქალაქევის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ, სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოქალაქევში, 2019 წლის 1 ივლისიდან 27 ივლისამდე, არქეოლოგიური სამუშაოები აწარმოა.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სამუშაოები წარმოებდა ნოქალაქევის ნაქალაქარის ქვედა ტერასის აღმოსავლეთ ნაწილში, ორ უბანზე – F და G თხრილებზე, MOLAS-ის გათხრის ბრიტანული მეთოდოლოგიით.
ექსპედიციაში მონაწილეობდნენ ქართველი და ბრიტანელი სპეციალისტები, ასევე, სტუდენტები და მოხალისეები. საველე არქეოლოგიური კვლევა-ძიების პარალელურად სეზონის განმავლობაში ტრადიციულად მიმდინარეობდა ტრეინინგები ქართული და უცხოური უნივერსიტეტების არქეოლოგიის სპეციალობის სტუდენტებისათვის. ტრენინგები გულისხმობდა საველე-არქეოლოგიურ კურსს – გათხრის მეთოდიკა, ჩახაზვა, ფოტოგრაფირება, საველე ბლანკების შევსება და დღიურების წარმოება, ნიველირისა და კოორდინატთა სისტემის სწავლება.
2019 წლის სეზონის დასაწყისში წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით თხრილი გაფართოვდა ჩრდილოეთით და დასავლეთით 2-2 მეტრზე. თხრილის გაფართოების მთავარ მიზანს გამოვლენილი ნაგებობის დარჩენილი ნაწილების გამოვლენა და შესწავლა წარმოადგენდა.
უკანასკნელი 16 წლის განმავლობაში, ნოქალაქევის ქართულ-ინგლისური არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ ნაქალაქარის ქვედა ტერასის ორ უბანზე (A, B და F თხრილები) წარმოებული კვლევა-ძიების შედეგად გამოვლინდა ელინისტური ხანის სამოსახლოები, კულტურული ფენები და სამაროვანი.
F თხრილში გამოვლენილი ნაგებობა, მორების ან ძელების ურთიერთჭდობაზეა დაფუძნებული და მისი სტრუქტურა არ საჭიროებს ლურსმნებს. ნაგებობის ასაშენებლად შექმნილია სუბსტრუქცია, რომელიც თხრილში ტერასებად არის წარმოდგენილი.
F თხრილზე აღმოჩენილი ელინისტური ხანის ნაგებობების შიდა და გარე ფართობზე შესწავლილ კულტურულ ფენებში გამოვლენილი არქეოლოგიური მასალა, ძირითადად, სამზარეულო და სამეურნეო კერამიკულ ჭურჭელს აერთიანებს, რაც საშუალებას იძლევა, დავასკვნათ, რომ გამოვლენილი ნაგებობები აშკარად საცხოვრებელ სახლებს წარმოადგენდნენ.
2019 წლის არქეოლოგიურ სეზონზე გაგრძელდა 2018 წელს გამოვლენილი G თხრილის არქეოლოგიური ფენების დაღრმავება, სეზონის დასაწყისში თხრილის ზედაპირზე იყო ნაყარი კირქვის ფენები. ასევე მცირე ზომის რიყის ქვისა და კირის ნარევი ფენები. თხრილზე სამუშაოების გაგრძელება დაიგეგმა აღმოჩენილი ფენების შესაბამისად.
სეზონის დასაწყისში G თხრილში გამოვლენილი კერამიკული მასალა ქრონოლოგიურად ჭრელი იყო, რაც შეიძლება დაკავშირებული იყოს თხრილის ჩრდ-ით მდებარე მთასთან, საიდანაც კულტურული ფენები მუდმივად ირეცხება. თუმცა აღსანიშნავია, რომ თხრილში გამოვლენილი თიხის იატაკის მიმდებარედ აღმოჩენილია დიდი რაოდენობით სუფრის ჭურჭლის ნამტვრევები, რომლებიც, ძირითადად, ადრეშუასაუკუნეებს განეკუთვნება.
ასევე აღსანიშნავია თხრილში აღმოჩენილი სხვა ნივთებიც: სპილენძის შენადნობის საკინძი, რკინის ცული, სამკაულის დეტალი და ბალთა. კულტურული ფენებიდან ამოსული არქეოლოგიური მასალა ადრებიზანტიურ პერიოდს განეკუთვნება.
ექსპედიციას ხელმძღვანელობდა არქეოლოგიის დოქტორი ნიკოლოზ მურღულია.