ნიდერლანდები ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალით დაინტერესდა

ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის პოტენციალის ათვისებით ნიდერლანდებშიც დაინტერესდნენ.
„ბაქო-თბილისი-ყარსის ამოქმედებას ჩვენ მნიშვნელოვან ეკონომიკურ პერსპექტივად განვიხილავთ. აზერბაიჯანი ყოველთვის იყო ხიდი დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის და აღნიშნულ სარკინიგზო მაგისტრალს ნამდვილად აქვს იმის პერსპექტივა,რომ მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს ევროპისა და აზიის დაკავშირებაში. უკვე გაფორმებულია კონტრაქტი ნიდერლანდურ ლოგისტიკურ კომპანია Cabooter Group -სა და პორტ ალიატეს-ს შორის ტვირთების გადაზიდვაზე“ – განუცხადეს trend.az-ს ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტროში.
ნიდერლანდებში არ გამორიცხავენ, რომ მომავალში როტერდამისა და ალიატეს პორტებს შორის აქტიური თანამშრომლობის პერსპექტივა გაჩნდეს.
ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ამ ეტაპზე ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი ყოველთვიურად დაახლოებით მილიონ ტონამდე ტვირთს ემსახურება.
აღნიშნულმა სარკინიგზო მაგისტრალმა ფუნქციონირება 2017 წლის 30 ოქტომბერს დაიწყო. თურქული მხარის ოფიციალური მონაცემებით, სარკინიგზო ხაზის ფუნქციონირების პირველ წელს 116 მატარებლით 110 000 ტონა ტვირთის გადაზიდვა მოხერხდა. თავდაპირველი გათვლებით ელიან, რომ ხაზის ყოველწლიური ტვირთბრუნვა 6,5 მილიონ ტონას მიაღწევს, გრძელვადიან გათვლაში კი ამ მაჩვენებლის 17 მილიონ ტონამდე გაზრდას ვარაუდობენ.
ბაქო – თბილისი -ყარსის საერთო სიგრძე 826 კილომეტრია. აქედან 503 კმ აზერბაიჯანზე, 255 კმ საქართველოზე, ხოლო 68 კილომეტრი თურქეთზე გადის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები