როგორ აპირებს ღარიბაშვილი “გირჩის” ინიციატივის აღმოფხვრას – “ამ სექტის საქმიანობა საფრთხეს უქმნის ჩვენი ჯარის ძლიერებას”

თავდაცვის მინისტრობის კანდიდატი ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ მიერ დაფუძნებული რელიგიური ორგანიზაციის „საქართველოს ქრისტიანული, ევანგელური, პროტესტანტული ეკლესია – ბიბლიური თავისუფლება“ საკითხს გამოეხმაურა, რომლის შედეგად, სამხედრო სავალდებულო სამსახურისგან 7 ათასამდე ადამიანი გათავისუფლდა.
როგორც ღარიბაშვილმა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, იურიდიულ საკითხთა, თავდაცვის, უშიშროების, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, ეს პროცესი მისთვის, როგორც გარედან მაყურებლისთვის, იყო ძალიან მტკივნეული.
„ის, რაც ბოლო წლებში განვითარდა არის პირდაპირი კატასტროფა და ტრაგედია ჩვენი ერის. ვგულისხმობ, პოლიტიკური მოძრაობის, ჩვენი ოპონენტების ნაცმოძრაობისა და იმათთან აფელირებული წევრების ე.წ. გირჩის ინიციატივას, რომლის ფარგლებშიც ხდება პირდაპირი დეგრადაცია ჩვენი საზოგადოების, ეს არის ჩვენი მომავალი თაობის დეგრადაციის მცდელობა, რაც ყოვლად დაუშვებელია.
მინდა აღვნიშნო, არ მოვერიდები და ყოველგვარი პოლიტკორექტულობის გარეშე ვიტყვი, რომ ამ ორგანიზაციის თუ სექტის საქმიანობა საფრთხეს უქმნის ჩვენი სახელმწიფოს და ჩვენი ჯარის ძლიერებას. არ მოვერიდები იმის თქმას, რომ ეს არის ძირგამომთხრელი საქმიანობა ჩვენი სახელმწიფოსთვის.
მჯერა, რომ თქვენთან ერთად ვიმუშავებთ და ეს იქნება პირველი ამოცანა და საზრუნავი ჩვენი მინისტრობის, რომ რაც შეიძლება მოკლე ვადებში ეს საკითხი დარეგულირდეს“,-აღნიშნა ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები