ძალისის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ სამეცნიერო კვლევა-ძიების მორიგი ეტაპი დაასრულა
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძალისში სამეცნიერო კვლევა-ძიების მორიგი ეტაპი შესრულდა, რომელსაც პროფესორი გოდერძი ნარიმანაშვილი ხელმძღვანელობდა.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ძალისის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ მიმდინარე სეზონზე საველე სამუშაოები გააგრძელა 2017-2018 წლებში გამოვლენილი დიდი არქიტექტურული კომპლექსის ფარგლებში.
ძირითადი სამუშაოები წარიმართა #2 სენაკში, რომლის სრული პერიმეტრი 2018 წელს გამოვლინდა. არქიტექტურული კომპლექსი ძლიერი ხანძრისგან არის განადგურებული. #2 სენაკი წარმოადგენს ოთკუთხა სათავსოს, რომელსაც თიხატკეპნილი იატაკი აქვს; კედლები ნაგებია გამოუწვავი ალიზის აგურით, გამოყენებულია მთელი და ნახევარი აგურები. კედლების შემორჩენილი სიმაღლე 1-1,5 მეტრია. ინტერიერი მთლიანად შევსებული იყო კრამიტყრილით, უმრავლესობა ძლიერი ხანძრისაგან ერთმანეთზე იყო მიდუღებული.
პრეპარაციის შედეგად გამოვლინდა, რომ სენაკის ერთიანი სივრცე შუაში კედლით არის გადატიხრული. კედელი ნაგებია ხის ძელებით, წნულით და შელესილია ალიზის ხსნარით. ტიხარს მიღმა ინტერიერი და იქ არსებული არქეოლოგიური მოცულობები, საყოფაცხოვრებო ჭურჭლები და ნივთები ხელუხლებლად იყო დარჩენილი. სათავსოს სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხეში ყოფილა სამიარუსიანი თარო. მის ქვეშ იატაკზე სამი თუ ოთხი თიხის ჭურჭელი მდგარა. პირველ თაროზე ეწყო რკინის ნივთები, მათ შორის სახნისი, უზანგები, ქვის სალესავები და ობსიდიანის ანამტვრევები; მეორე თაროზე მცირე ზომის ხელადები და ქოთნები მდგარა, სულ ზევით კი ხელსაფქვავის ქვები ჰქონიათ შენახული. განასაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ამავე სათავსოში აღმოჩნდა სასანური ირანის კანცელარიის გზავნილების თიხის სამი ბულა.
#2 სენაკში დიდ რაოდენობით აღმოჩნდა მთის ბროლისა და ამეთვისტოს სხვადასხვა ზომის ნიმუშები, მრავალწახნაგა საბეჭდავების ფორმის დამუშავებული ცალები, ასეთივე ფორმის მწვანე მინის ნივთები.
ძალისის ნაქალაქარი მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფ. ძალისში მუხრანის ველზე მდებარეობს. ანტიკური და ადრეშუასაუკუნეების ხანების ნაქალაქარი გაშენებული ყოფილა მდ. ნარეკვავის ორივე ნაპირზე, მცხეთიდან ჩრდილო-დასავლეთით 20 კმ-ის დაშორებით. ნაქალაქარი იდენტიფიცირებულია ქალაქ ძალისასთან (ძალისსა), რომელსაც ახ. წ. II საუკუნის ბერძენი გეოგრაფი კლავდიოს პტოლემაიოსი (ბერძნ. Κλαύδιος Πτολεμαίος; ახ.წ. 87 – 165 წწ.) „გეოგრაფიულ სახელმძღვანელოში“ იბერიის აღწერისას სხვა ქალაქებთან ერთად იხსენიებს. 1971-1995 წწ. ძალისასა და მის მიდამოებში არქეოლოგიურ სამუშაოებს ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის ნასტაკისის არქეოლოგიური ექსპედიცია აწარმოებდა.