სესიაშვილი ბობოხიძეს პასუხობს: პროტესტის უფლება ყველას აქვს

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, მარაზმია, როდესაც ქვეყნის ხელმძღვანელებს რუსეთთან აკავშირებენ.
ამის შესახებ სესიაშვილმა ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
„მარაზმის სფეროა, როდესაც ჩვენი ქვეყნის ხელმძღვანელებს რუსეთთან აკავშირებენ. ეს არის ჩემთვის ღალატის სახე, რამდენადაც წარმოუდგენელი და შეურაცხმყოფელია ჩვენი თითოეული მოქალაქისთვის. იმ მოქალაქეებისთვის, რომლებმაც „ქართული ოცნება“ უმრავლესობით აირჩიეს. ვურჩევ მათ, რომ ამ მიმართულებით დაფიქრდნენ.
რაც შეეხება კანდიდატებს, არ მგონია ვინმე დაგვესახელებინა, რომელიც დაიმსახურებდა ჩვენი ოპონენტების მოწონებას. ამას შეგუებულები ვართ. ქვეყანაში კონფრონტაციული პოლიტიკური პროცესია, ამის მომხრე არასდროს ვყოფილვართ. ჩვენს ოპონენტებს ვიწრო პოლიტიკური ინტერესები ამოძრავებთ და მათი რიტორიკაც, რუსეთთან კავშირების შესახებ, სწორედ ამის გაგრძელებაა“,-აღნიშნა სესიაშვილმა.
რაც შეეხება „ევროპული საქართველოს“ წევრის აკაკი ბობოხიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ გახარიას პრემიერ-მინისტრად წარდგენა „ბომბია არა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილისთვის, არამედ მთელი საქართველოსთვის“, სესიაშვილი ამბობს, რომ „პოლიტიკურ პროცესს ახასიათებს აზრთა სხვადასხვაობა, მათ შორის წინააღმდეგობა კონკრეტულ კანდიდატებთან დაკავშირებით“.
„ამას მოველოდით და მივიღებთ კიდევაც. პროტესტის უფლება ყველას აქვს, მაგრამ პასუხისმგებლობა მართვაზე ქვეყნის წინაშე აქვს მმართველ გუნდს. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და გვჯერა, რომ ბატონი გიორგი, როგორც ლიდერი, როგორც ხელმძღვანელი და ქვეყნის პირველი პირი, შეძლებს და გაუძღვება ქვეყანას. ჩვენი ინტერესია მოქალაქეების კეთილდღეობის უზრუნველყოფაზე ზრუნვა“,- განაცხადა სესიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები