პეკინის გამზირზე გამვლელის მიერ დაჭრილ მცირეწლოვანს ოპერაცია უტარდება
პეკინის გამზირზე გამვლელის მიერ დაჭრილ მცირეწლოვანს ოპერაცია უტარდება. როგორც ჟვანიას კლინიკის პედიატრიული განყოფილების ექიმმა, მედეა რამიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ჭრილობა სახის არეში არის ღრმა, თუმცა სიცოცხლისთვის შეუთავსებელი არ არის და ბავშვი კონტაქტურია.
,,ჩვენს კლინიკაში სასწრაფო დახმარებამ 3 წლის პაციენტი მოიყვანა, რომელსაც ღრმა ჭრილობა ჰქონდა მიყენებული ცხვირისა და მარჯვენა ყვრიმალის არეში. ამჟამად პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ზოგადი მდგომარეობა იყო საშუალო სიმძიმის, ბავშვი კონტაქტური იყო. აყვანილია საოპერაციოში და მიმდინარეობს ქირურგიული ოპერაცია, მოხდება ჭრილობის გაკერვა“, – განაცხადა მედეა რამიშვილმა.
თბილისში, პეკინის გამზირზე მცირეწლოვანს ბასრი საგნით დაზიანებები მიაყენეს. არსებული ინფორმაციით, ბავშვი მშობლებთან ერთად იმყოფებოდა, როდესაც თავდასხმა მოხდა. თავდამსხმელი ქალი იყო და ის ადგილიდან მიიმალა. ბავშვს დაზიანებები სახის არეში აქვს მიყენებული.
შსს-ს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც არასრულწლოვნის მიმართ, წინასწარი შეცნობით, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. დანაშაული შვიდიდან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
წყარო: ipn.ge