“ხელფასების ზრდა ყოველწლიური იქნება” – რომელი სტატუსის მასწავლებლებს რამდენით გაეზრდებათ ხელფასი
ხელფასების ზრდა ყოველწლიური იქნება და 2022 წელს ის მიაღწევს უფროსი მასწავლებლისთვის 1700 ლარს, წამყვანი მასწავლებლისთვის 2150 ლარს და მენტორი მასწავლებლებისთვის 2450 ლარს – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ პედაგოგებთან შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, 6 ათას პედაგოგზე მეტი, რომლებმაც პროფესიიდან გასვლა გადაწყვიტეს, ოქტომბრის დასაწყისში სახელმწიფოსგან ჯილდოს სახით მიიღებენ 2 წლის ჯამურ ხელფასს და ამავე დროს, მათ შეუნარჩუნდებათ პედაგოგის დაზღვევა მთელი სიცოცხლის განმავლობაში.
“ჩვენი განათლების რეფორმა მოიცავს ხუთ დონეს – ეს არის სკოლამდელი განათლება, საშუალო განათლება, პროფესიული განათლება, უმაღლესი განათლება და მეცნიერება. ხუთივე ეს მიმართულება ჩვენთვის განსაკუთრებული პრიორიტეტია, მაგრამ ისიც კარგად გვესმის, რომ ნებისმიერი განათლების რეფორმის წარმატება დგას საშუალო განათლებაზე. სკოლა არის ქვეყნის სიძლიერის ქვაკუთხედი.
იმ ახლებურ მიდგომებში, რომლებსაც რეფორმა ითვალისწინებს, მასწავლებელს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი როლი აკისრია. სწორედ ამიტომ ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი ეხება მასწავლებლებს. ჩვენი რეფორმა გულისხმობს მეტი თავისუფლების მიცემას სკოლებისთვის და მეტ თავისუფლებას მასწავლებლებისთვის.
მათთვის კომპეტენციის შესაფერისი და ღირსეული შრომის ანაზღაურება არის საბაზისო ნაბიჯი რეფორმის განხორციელების გზაზე. მასწავლებელთა სახელფასო ზრდის ისტორიაში, სწორედ ახლა ხორციელდება უპრეცედენტო და თანმიმდევრული პოლიტიკის პირველი ეტაპი, რომლის საფუძველზეც 2019 წლის ოქტომბრის დასაწყისში ყველა პედაგოგს, რომლებსაც აქვს სტატუსი, ანაზღაურება გაეზრდება. თქვენი პროფესია არის უნიკალური ნებისმიერი ერისთვის და მე, როგორც იდეის ავტორი, ერთერთ მთავარ მიზნად ამ იდეის განხორციელებისა მიმაჩნია, რომ პედაგოგს, როგორც პროფესიას, დავუბრუნოთ ის პატივისცემა და ღირსება, რასაც ის იმსახურებს. ძალიან მარტივი მიზეზის გამო – თქვენ ხართ ადამიანები, რომლებმაც უნდა აღუზარდოს ქვეყანას მომავალი საჯარო მოხელეები, სამხედროები, პოლიციელები, მეწარმეები, ექიმები, პატრიოტი ადამიანები, რომელთა წარმატებაზეც იქნება დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის სიძლიერე. სწორედ ამიტომ არის ჩემთვის პირადად განათლება ეროვნული იდეა.
შრომის ანაზღაურება იყო ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული საკითხი. უფრო მეტიც – ეს ემოციურადაც პირადად ჩემთვის იყო უმძიმესი ტვირთი, როდესაც მარტივ ციფრებში ვხედავდი, რომ საქართველოში მასწავლებლის ხელფასი საშუალო ხელფასს ორჯერ ჩამორჩებოდა. ბუნებრივია, ასეთი პოლიტიკით და მიდგომებით 21-ე საუკუნეში ქვეყანას წარმატება ვერ ექნებოდა. ამიტომ, ჩვენ გვჭირდება რადიკალური ცვლილებები და მინდა გითხრათ, რომ მე ვგრძნობ ამ დაკვეთას ჩვენი საზოგადოებიდან.
მასწავლებელთა სახელფასო ზრდის ისტორიაში, სწორედ ახლა ხორციელდება უპრეცედენტო და თანამიმდევრული პოლიტიკის პირველი ეტაპი, რომლის საფუძველზეც 2019 წლის ოქტომბერში, როგორც მე თქვენ შეგპირდით, ყველა პედაგოგს, რომლებსაც აქვსთ სტატუსი, ანაზღაურება გაეზრდება.
პედაგოგების გარდა, ხელფასები ეზრდებათ რესურსცენტრების თანამშრომლებს და სკოლების ადმინისტრაციის წარმომადგენლებსაც, მათ შორის, ტექნიკურ პერსონალს, სკოლის ექიმებს და ინკლუზიური განათლების მხარდამჭერ სპეციალისტებსაც. ხელფასის ზრდა შეეხებათ ასევე მანდატურის სამსახურის მიერ გადამზადებულ სკოლის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ იმ პირებსაც, რომლებიც სკოლის ტერიტორიაზე უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას უზრუნველყოფენ.ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ხელფასების ზრდა ყოველწლიური იქნება და 2022 წელს ის მიაღწევს უფროსი მასწავლებლისთვის 1700 ლარს და წამყვანი მასწავლებლისთვის 2150 ლარს და მენტორი მასწავლებლებისთვის 2450 ლარს.მე კ
იდევ ერთხელ მსურს გავიმეორო მთავარი – შემდეგი ათწლეულების განმავლობაში ჩვენი ეროვნული იდეის მიხედვით ბიუჯეტის მეოთხედი ყოველთვის იქნება მიმართული განათლებისკენ, ჩვენი პედაგოგებისკენ, რომლებმაც უნდა აღუზარდონ მომავალი თაობები საქართველოს. ამასთან ერთად, მინდა შევეხო პენსიონერ პრაქტიკოს პედაგოგებს, რომლებმაც პროფესიიდან გასვლა გადაწყვიტეს. 6 ათას პედაგოგზე მეტი ოქტომბრის დასაწყისში სახელმწიფოსგან ჯილდოს სახით მიიღებს 2 წლის ჯამურ ხელფასს და ამავე დროს მათ შეუნარჩუნდებათ პედაგოგის დაზღვევა მთელი სიცოცხლის განმავლობაში. ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც ღვაწლმოსილი პედაგოგები სახელმწიფოსგან სათანადოდ დაფასდებიან.
მინდა მათ ღვაწლს განსაკუთრებული ხაზი გავუსვა – თითოეული ეს ადამიანი არის ნამდვილი გმირი. მე ძალიან კარგად ვიცი, რა მძიმე პერიოდი გადაიტანეთ თქვენ, როდესაც მიზანმიმართული პოლიტიკის თუ შეცდომების შედეგად განათლება მიიყვანეს კატასტროფის პირას და თქვენ ანაზღაურების არარსებობის პირობებში, ელემენტარული ინფრასტუქტურის არარსებობის პირობებში განათლების სისტემა მოიტანეთ დღემდე და დღეს მოგვეცით იმის შესაძლებლობა, რომ ვისაუბროთ ყველაზე გაბედულ და ამბიციურ პროექტზე დღიდან ჩვენი დამოუკიდებლობისა. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველა ღვაწლმოსილ პედაგოგს. და ბოლოს, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია – განათლების ფუნდამენტური რეფორმის შედეგად, საქართველოში მასწავლებლის პროფესია გახდება ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და დაფასებული და მჯერა, ჩვენს განათლების სისტემას ეყოლება მოტივირებული და მუდმივი განვითარებისაკენ ორიენტირებული პედაგოგები. ამავე დროს, განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ექსპერტებს და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართულები რეფორმის მომზადებაში. ეს არის პირველი ნაბიჯები. განათლება არის უმოკლესი გზა თავისუფლებისკენ, თავისუფლებისკენ ოკუპაციისგან, თავისუფლებისკენ სიღარიბისგან და მე დარწმუნებული ვარ, ეს რეფორმა უზრუნველყოფს იმას, რომ 21-ე საუკუნეში საქართველო იქნება ერთიანი, ძლიერი და წარმატებული ქვეყანა”, -განაცხადა მამუკა ბახტაძემ.