მამუკა ბახტაძე: განათლება ეს არის ერთადერთი გარანტი იმისა, რომ საქართველო 21-ე საუკუნეში იქნება წარმატებული ქვეყანა
მთელი ჩვენი საზოგადოება თანხმდება, რომ განათლება და მეცნიერება ჩვენი ქვეყნის მომავლის ფუნდამენტია – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ პედაგოგებთან შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც ბახტაძემ აღნიშნა, განათლება ეს არის უმოკლესი გზა თავისუფლებისკენ, ეს არის გზა, რომელიც დაგვაძლევინებს სიღარიბეს, ოკუპაციას და ეს არის ერთადერთი გარანტი იმისა, რომ საქართველო 21-ე საუკუნეში იქნება წარმატებული ქვეყანა და საქართველო ჩადგება განვითარებული ქვეყნების რიცხვში.
“ჩვენი განათლების რეფორმა ეფუძნება ეროვნულ, კულტურულ, დემოკრატიულ ღირებულებებს და მთლიანად მორგებულია საქართველოს დღევანდელ რეალობას და ის ქვეყანაში დაამკვიდრებს უმაღლეს ეროვნულ სტანდარტს.
კარგად მახსოვს, როდესაც ვმუშაობდით ამ რეფორმაზე, რა მასშტაბურ გამოწვევების დაძლევაზე იყო საუბარი, მაგრამ ამავე დროს, მე ღრმად მწამდა, რომ პროგრესი და წინსვლა მხოლოდ განათლებულ, მოტივირებულ, საკუთარ ძალებში დარწმუნებულ მოქალაქეებს მოაქვთ და ჩვენ ასე შევძლებთ ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან ძლიერი ფუნდამენტის შექმნას.
ჩვენ შევძელით, ერთი მხრივ, დაუჯერებელი მიზნის მიღწევა და მოგეხსენებათ, რომ ახალი კანონის მიხედვით, რომელიც პარლამენტმა ივლისში დაამტკიცა, შემდეგი ათწლეულების განმავლობაში ყველა ხელისუფლებას ექნება ვალდებულება, ბიუჯეტის მეოთხედი მიმართოს სწორედ განათლებაზე. ეს არის უპრეცედენტო ნაბიჯი. მე ვიტყოდი, ყველაზე გაბედული ნაბიჯი, რაც ჩვენ, საზოგადოებამ, გადავდგით ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ.
მე მაინც ვიტოვებდი მცირე იმედს, რომ ამ კანონპროექტის განხილვისას სხვადასხვა ოპოზიციური პარტიები დადგებოდნენ პარტიულ ინტერესებზე მაღლა და მხარს დაუჭერდნენ ამ კანონპროექტს. სამწუხაროდ, ეს ასე არ მოხდა. მე მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ მივმართო ყველა პოლიტიკურ ძალას – მეგობრებო, განათლება არის ეროვნული იდეა, რომელიც ყველას უნდა გვაერთიანებდეს და მიუღებელია ამ იდეის გარშემო ნებისმიერი სპეკულაცია. მიუღებელია, რომ ის გავხადოთ ნეგატიური პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილად. ეს არის იდეა, რომელიც თითოეულ ჩვენგანს უნდა აერთიანებდეს. შესაბამისად, კიდევ ერთხელ გამოვხატავ მზადყოფნას, რომ ეს რეფორმა იყოს ღია ნებისმიერი ადამიანისთვის, მაგრამ თითოეული ჩვენგანი უნდა თანხმდებოდეს იმაზე, რომ განათლება არის სწორედ ეროვნული იდეა.
განათლების სისტემის რეფორმა უკავშირდება საკმაოდ მტკივნეული საკითხების გადაჭრას და უპირველესია პედაგოგების კომპეტენციის დადასტურებისა და მათი სტატუსის ამაღლების შესაბამისად ანაზღაურების ზრდა”, -განაცხადა მამუკა ბახტაძემ.