ლეონიდ ჩერნოვეცკის სახელით გიორგი სულაშვილს, რომელმაც 20 ივლისს ცალი თვალი დაკარგა, 10 000 დოლარი გადაეცა
ჩერნოვეცკის ფონდის დირექტორმა ელენე პოლიშუკმა 10 000 დოლარი გადასცა გიორგი სულაშვილს, რომელმაც 20 ივლის პარლამენტის წინ საპროტესტო აქციის დაშლის დროს ცალი თვალი დაკარგა.
ათასობით ახალგაზრდის პროტესტმა შედეგი გამოიღო. სწორედ მათი დამსახურებაა, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნები მხოლოდ პროპორციული წესით ჩატარდება. ეს ნიშნავს, რომ ჩვენს საზოგადოებას ეძლევა შანსი დეპუტატად აირჩიოს ქვეყნის ჭეშმარიტი პატრიოტები, რომლებიც პარლამენტარის მანდატის მეშვეობით ხალხის კეთილდღეობაზე იზრუნებენ და არ დააიგნორებენ მათ ინტერესებს , როგორც ეს ხშირად ხდება დღევანდელ დღეს.
„ლეონიდ ჩერნოვეცკი თვლის, რომ ამ მამაცი ახალგაზრდების დამსახურებით, საქართველო დემოკრატიული განვითარების ახალ საფეხურზე დგება, ეს არის დიდი გამარჯვება! სწორედ ამიტომ ლეონიდ ჩერნოვეცკიმ, როგორც საქართველოს მოქალაქემ და პატრიოტმა, მიიღო გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი წვლილი შეეტანა გიორგი სულაშვილის გამოჯანმრთელების საქმეში“, – განაცხადა ფონდის დირექტორმა ელენე პოლიშუკმა.
გიორგი სულაშვილი გერმანიის ერთ-ერთ კლინიკაში გადიოდა მკურნალობას. სექტემბერში იგი კვლავ მიემგზავრება ევროპაში, სადაც მას მორიგი ოპერაცია ჩაუტარდება. გიორგის თქმით, ოპერაციას და მკურნალობას ამ ეტაპზე სახელმწიფო აფინანსებს, თუმცა მან არ იცის დაუფინანსებს თუ არა სახელმწიფო შემდგომ ოპერაციებს. ამიტომ ეს თანხა მისთვის წარმოადგენს გარანტიას, რომ მკურნალობა და ოპერაცია დაფინანსებული იქნება.
„გადაეცით ბატონ ლეონიდს ჩემი უღრმესი მადლობა დახმარებისთვის. მე ვიცი, რომ იგი საქართველოს პატრიოტია და ძალიან დიდი მნიშვნელობის საქველმოქმედო საქმიანობას ეწევა ჩვენს ქვეყანაში. ბატონო ლეონიდ, მიგულეთ თქვენს გვერდით“, – განაცხადა გიორგი სულაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ დაახლოებით ერთი თვის წინ, ლეონიდ ჩერნოვეცკის სახელით 10 000 დოლარი გადაეცა აქციის დაშლის დროს დაზარალებულ კიდევ ერთ მონაწილეს – მაკო გომურს.
წყარო: „ჩერნოვეცკის ფონდი“