ადვოკატი: ლაურა ღაჭავას არ აქვს იმის საშუალება, რომ 500 ათასი ლარი გირაო შეიტანოს, ეს, იგივე, პატიმრობის მოთხოვნაა

0

ბიზნესმენ ლაურა ღაჭავას ადვოკატის, კობა ამბარდნიშვილის ინფორმაციით, მის დაცვის ქვეშ მყოფს იმის საშუალება არ აქვს, რომ გირაოს სახით 500 000 ლარი გადაიხადოს.
მისივე თქმით, სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას დაცვის მხარე სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. „დღეს აღკვეთის ღონისძიების სახით 500 ათასი ლარის გამოყენება ჩვენთვის მიუღებელია. არც ველოდით ასეთი თანხის გაჟღერებას, რადგან სახელმწიფო ბრალდებამაც იცის, რომ ლაურა ღაჭავას დაყადაღებული აქვს ყველა ქონება და აქტივი. არ აქვს ლაურა ღაჭავას იმის საშუალება, რომ 500 ათასი ლარი შეიტანოს, ეს, იგივე, პატიმრობის მოთხოვნაა. ჩვენ გავასაჩივრებთ. თუ აღკვეთის ღონისძიება სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა, ვინმეს ვთხოვთ მის მეგობრებს, რომ უძრავი ქონებით მაინც შევიდეთ, რადგან ამ თანხას ვერ გადავიხდით”, – განაცხადა ამბარდნიშვილმა.
ცნობისათვის, ბიზნესმენ ლაურა ღაჭავას აღკვეთის ღონისძიების სახით 500 000 ლარის ოდენობით გირაო შეეფარდა. ამასთან, სასამართლომ დამატებითი ღონისძიების სახით ლაურა ღაჭავას აუკრძალა სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე. ლაურა ღაჭავას სახელმწიფოსთვის ორ მილიონ ლარზე მეტი ზარალის მიყენებას ედავებიან.

კომენტარები

კომენტარი