“ვერ შევთანხმდით მე და ნიკა გვარამია თანხაზე, მან სხვა ობიექტი ნახა” – ღაჭავა დაკითხვაზე მის დაბარებას “მთავარი არხის” გახსნას არ უკავშირებს

“მე არ ვუკავშირებ “მთავარი არხის” გახსნას. საფუძველს არ მაძლევს, ვთქვა, რომ ეს პოლიტიკურია. ხომ უნდა გავეცნო ჯერ საქმის მასალებს და ვნახოთ”, – ამის შესახებ ბიზნესმენმა ლაურა ღაჭავამ ჟურნალისტებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურთან განუცხადა, სადაც ბრალდების წარდგენის მიზნით დაიბარეს.
ლაურა ღაჭავამ უარყო გავრცელებული ინფორმაცია, რომ ნიკა გვარამიას ახალი ტელევიზია – „მთავარი არხი” მის საკუთრებაში არსებულ ერთ-ერთ შენობაში უნდა განთავსდეს.
„საქმის კურსში არ ვიყავი, რა ხდებოდა. გავეცნობი ჯერ ბრალს და ზუსტად გეტყვით. ადრე მქონდა განაცხადი მიცემული უძრავი ქონების სააგენტოსთვის, რომ ობიექტებს ვყიდი, ვინაიდან ბანკების ძალიან დიდი სესხი მაქვს და ყველაფერზე ყადაღა მიდევს, იძულებული ვიყავი, გამეყიდა რაღაც ქონება. შემდეგ შეხვედრა იყო და ვერ შევთანხმდით მე და ნიკა გვარამია თანხაზე, მან სხვა ობიექტი ნახა. მე არ ვუკავშირებ “მთავარი არხის” გახსნას. საფუძველს არ მაძლევს, ვთქვა, რომ ეს პოლიტიკურია. ხომ უნდა გავეცნო ჯერ საქმის მასალებს და ვნახოთ. დაკითხვაზეც არ ვყოფილვარ. მე ვარ მართალი, მაქვს სუფთა დღგ-ები. ახლა რა მოხდა, არ ვიცი“, – განაცხადა ლაურა ღაჭავამ.
ლაურა ღაჭავას მიმართ საგადასახადო დოკუმენტების გაყალბების გზით დამატებული ღირებულების გადასახადში ყალბი აქტივების შექმნისა და ამ გზით სახელმწიფოსთვის 2 160 955 ლარის ზიანის მიყენების ფაქტზე სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები