დღეს გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეა – საქართველოს ეროვნული გმირი სამხედრო მოსამსახურეებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს (ფოტოკოლაჟი)

18 აგვისტო საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეა. დღეს მას 35 წელი შეუსრულდებოდა.
სამხედრო მოსამსახურეებმა გიორგი ანწუხელიძე კიდევ ერთხელ გაიხსენეს და მის ხსოვნას პატივი მიაგეს. მათ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე საქართველოს ეროვნული გმირის საფლავი ყვავილებით შეამკეს და გიორგი ანწუხელიძის ოჯახს საქართველოს რუკა გადასცეს, რომელზეც გიორგი ანწუხელიძის სახელობის მწვერვალის გეოგრაფიული კოორდინატებია დატანილი.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, გმირის საფლავთან მისი ოჯახის წევრები, თანამებრძოლები, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიის სამხედრო მოსამსახურეები და საქართველოს თავდაცვის ძალების ოფიცრები შეიკრიბნენ.
IV ქვეითი ბრიგადის 41-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურე, უმცროსი სერჟანტი გიორგი ანწუხელიძე 2008 წლის, რუსეთ-საქართველოს ომის დროს, გმირულად დაიღუპა. ის დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით, უწყებრივი მედლით – „სამშობლოსათვის თავდადებული“, მინიჭებული აქვს ეროვნული გმირის წოდება, მის სახელს ატარებს სერჟანტთა აკადემია.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, 2018 წელს თუშეთში უსახელო მწვერვალს საქართველოს ეროვნული გმირის – გიორგი ანწუხელიძის სახელი მიენიჭა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები