არჩილ კაიკაციშვილი გიორგი პაპუაშვილის მიერ როლანდ ბლადაძისთვის სახლის დაბრუნებაზე განცხადებას ავრცელებს

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი, არჩილ კაიკაციშვილი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარე  გიორგი პაპუაშვილსა და მოქალაქე როლანდ ბლადაძეს შორის სადავო ქონების პირვანდელი მესაკუთრისთვის – როლანდ ბლადაძისთვის დაბრუნების ფაქტს სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვან პრეცედენტს უწოდებს.
არჩილ კაიკაციშვილმა აღნიშნული განცხადება სოციალური ქსელის მეშვეობით, საზოგადოებისთვის მიმართვის სახით გააკეთა, რომელსაც “კვირა” უცვლელად გთავაზობთ:
„მინდა საზოგადოებას ვაცნობო უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილების შესახებ, რომელიც თავისი პოლიტიკური, სამართლებრივი და საზოგადოებრივი ხასიათით, პრეცედენტია. სამართლიანი შედეგით დასრულდა 15-წლიანი ბრძოლა ადამიანის უფლებებისთვის. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარე, გიორგი პაპუაშვილსა და მოქალაქე როლანდ ბლადაძეს შორის მიღწეული შეთანხმების შედეგად, როლანდ ბლადაძემ ქალაქ ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე მდებარე ერთადერთი საცხოვრებელი სახლი დაიბრუნა. როლანდ ბლადაძე დღეს ქონებაჩამორთმეული აღარ არის. როლანდ ბლადაძე, დღეს ჩამორთმეული სახლის ერთადერთი და ნამდვილი მესაკუთრეა.
ეს არის უდიდესი გამარჯვება და ბრწყინვალე შედეგი. ეს არის სიხარული, ემოცია და პასუხისმგებლობა. ეს არის ერთი ოჯახის დრამატული ისტორია, რომელმაც გააერთიანა საზოგადოება და ერთი ადამიანის ბედი გახადა პრინციპული გამოწვევა სახელმწიფოსთვის“ – ნათქვამია განცხადებაში.
არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, როლანდ ბლადაძის საქმე არის სისტემური დანაშაულის მაგალითი, რომელიც საზოგადოებამ გადაიტანა. „მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებამ ოჯახს ერთადერთი საცხოვრებელი სახლი ჩამოართვა, აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, ქონება გამოცხადდა უკანონოდ და დაუსაბუთებლად, ხოლო შემდგომ სიმბოლურ ფასად, სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით, გადასცა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეს. განსხვავებული სამოქალაქო და პოლიტიკური შეხედულებებზე დევნის გამო, ოჯახმა საქართველო დატოვა და ემიგრაციაში გაემგზავრა. სახელმწიფომ შელახა პირის ყველაზე ფუნდამენტური კონსტიტუციური უფლება – საკუთრების უფლება და სასამართლოს, პროკურატურის, სახელმწიფო ინსტიტუტების გამოყენებით, შექმნა ყველა წინაპირობა, რათა დარღვეული უფლებების აღდგენისთვის ყველა მოქმედება, წარუმატებელი აღმოჩენილიყო. ამიტომაც, როლანდ ბლადაძის საქმეს საზოგადოებამ სამართლიანად უწოდა – სისტემა მოქალაქის წინააღმდეგ“ – ნათქვამია განცხადებაში.
„იმ რთულ დროში, სამოქალაქო გმირობის ტოლფასი იყო პრეზიდენტის მიერ მოსამართლისთვის გადაცემული სადავო ქონებაზე სახელმწიფო ინსტიტუციის რომელიმე წარმომადგენლის მხრიდან კანონიერი და სამართლიანი საჯარო პოზიციის დაფიქსირება. ასეთ პოზიციას შეეძლო მორალური და სამართლებრივი დისკომფორტი შეექმნა აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლებისათვის, მაგრამ ასეთი ადამიანები ნამდვილად არსებობდნენ. ამიტომაც, ჩვენ გვსურს დღეს განსაკუთრებული მადლიერება გამოვთქვათ ადამიანის მიმართ, რომელმაც ერთადერთმა და პირველმა განაცხადა, რომ მოსამართლე ჩამორთმეულ სახლში ცხოვრობდა. ერთადერთმა და პირველმა განაცხადა, რომ ხელისუფლების მიერ ქონების ჩამორთმევა ატარებდა დევნის ნიშნებს და თელავდა საკუთრების უფლებას. ეს ადამიანი გახლდათ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, ქალბატონი ელენე თევდორაძე, რომელმაც თავისი სიმართლით და ღირსებით, ფასდაუდებელი წვლილი შეიტანა, თუნდაც დღევანდელი შედეგებისთვის.
სახელმწიფოს მხრიდან შეცვლილ გარემოში, ჩვენმა ბრძოლამ სამართლიანობის აღდგენისთვის ახალი დატვირთვა შეიძინა. 2013 წელს, საქართველოს პროკურატურის დადგენილებით, ნიშნების არარსებობის გამო, როლანდ ბლადაძე უდანაშაულოდ იქნა ცნობილი, შეწყდა მის მიმართ წარმოებული სისხლის სამართლის საქმე, გაუქმდა ძებნისა და დაპატიმრების ბრძანება.
ბიძინა ივანიშვილის მთავრობის პოლიტიკური ნების პირობებში, როლანდ ბლადაძემ შეძლო, დაემტკიცებინა საკუთარი უდანაშაულობა, ქონების უკანონოდ ჩამორთმევის ფაქტი, მაგრამ სასამართლო ხელისუფლება არ აღმოჩნდა მზად, ერთადერთი საცხოვრებელი სახლი, წარმოებული დავის ფარგლებში, როლანდ ბლადაძისთვის დაებრუნებინა. ჩვენ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებში ვერ მივიღეთ მიუკერძოებელი, პრინციპული და თავისუფალი ნების მქონე გადაწყვეტილებები. ბუნებრივია, ერთ მხარეს აღმოჩნდა სახელმწიფოს ინტერესები, მეორე მხარეს საკონსტიტუციო სასამართლოს მაშინ მოქმედი ხელმძღვანელის ავტორიტეტი და გავლენა. სასამართლო ხელისუფლებამ ვერ გადადგა გაბედული ნაბიჯი, რათა კანონიერი გადაწყვეტილების მიღება არ ჩათვლოდა მაშინ მოქმედი მოსამართლისა და საკონსტიტუციო მართლმსაჯულებაზე პასუხისმგებელი პირისთვის გადაცემული ქონების ჩამორთმევისთვის. სასამართლომ სამართალწარმოების ისტორიაში არ დაუშვა პრეცედენტი, რაც იქნებოდა არამხოლოდ სისტემური დანაშაულის დადასტურება, ჩადენილი უკანონობის აღიარება, არამედ პრეცედენტი საქართველოს მაგალითზე პოსტ-საბჭოთა ქვეყნებისთვის“ – ნათქვამია განცხადებაში.
არჩილ კაიკაციშვილის შეფასებით, ამ ისტორიულ, პრინციპულ და პრეცედენტულ ერთადერთ საქმეზე გადამწყვეტი სიტყვა მხოლოდ საქართველოს უზენაესმა სასამართლომ თქვა. საკასაციო სასამართლო აღმოჩნდა ადამიანის უფლებების მხარეს. შედგა პირველი და თამამი პრეცედენტი – სასამართლომ თავისი მკაფიო გზავნილებით, სახელმწიფო დაარწმუნა დაზარალებული მოქალაქისთვის ალტერნატიული საცხოვრებელი ფართის გადაცემა მოეხდინა. 2018 წლის 11 ივნისს, სახელმწიფოს, გიორგი პაპუაშვილსა და როლანდ ბლადაძეს შორის დამტკიცდა სამხრივი მორიგების აქტი. სახელმწიფომ როლანდ ბლადაძეს, ბათუმში ჩამორთმეული ქონების სანაცვლოდ, ქ. თბილისში გადასცა ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი. თავის მხრივ, როლანდ ბლადაძემ გადადგა სახელმწიფოებრივი ნაბიჯი და დავის ეროვნულ დონეზე დასრულებისა და ევროსასამართლოში გაგრძელებაზე უარის თქმით, დაიცვა სახელმწიფოსა და გიორგი პაპუაშვილის ღირსება და ინტერესები.
„დამოუკიდებელი სასამართლო პიროვნულად თავისუფალი და ზეპარტიული მოსამართლეებისგან შედგება. როლანდ ბლადაძის საქმეს, ბოლო 15 წლის განმავლობაში, 42 მოსამართლე განიხილავდა, მაგრამ მხოლოდ მცირე ნაწილმა შეძლო კანონის და სამართლის უზენაესობის დაცვა. მოცემულ შემთხვევაში, საუბარია გადაწყვეტილებებზე, რომლებმაც საქმეს მოუტანეს მორალური და სამართლებრივი უპირატესობა, რაც გახდა დღევანდელი შედეგების მნიშვნელოვანი კატალიზატორიც. როლანდ ბლადაძის საქმეზე, ჩვენ გვყავს ღირსეული მოსამართლეები, რომლებმაც შეცვალეს ისტორია.
დღეს, როდესაც სამართლიანობის აღდგენა შედგა, მსურს მათ განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო პროფესიული ღირებულებების დაცვისთვის – თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეებს: ქეთევან მესხიშვილს, ნატალია ნაზღაიძესა და გოდერძი გიორგიშვილს. 2015 წელს, სწორედ ქეთევან მესხიშვილის ხელმძღვანელობით იქნა მიღებული გადაწყვეტილება სადავო ქონებაზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ, რითაც 12-წლიანი ბრძოლის შედეგად, პირველად შეძლო სასამართლომ მოსამართლის საკუთრებაში არსებულ სადავო ბინაზე ყადაღის დადება. პროფესიული ღირსების მაგალითი აჩვენა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე გიორგი გოგიაშვილმა, რომელმაც 2018 წელს მიიღო გადაწყვეტილება და სხვა კოლეგა მოსამართლეების მიკერძოების ნიშნების გამო, უარი განაცხადა მათთან ერთად განეხილა საქმე. ამ გადაწყვეტილებამ და ნაბიჯმა, ხაზი გაუსვა, რომ საზოგადოების ნდობა არის მოსამართლის ლეგიტიმურობის საფუძველი და მისი უფლებამოსილების წყარო. უმნიშვნელოვანესი და საქმეზე ღირსეული ნაბიჯი გადადგეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა – მაია ვაჩაძემ, ნუგზარ სხირტლაძემ და პაატა სილაგაძემ. მაშინ მხარის მოთხოვნა დაკმაყოფილდა და 2018 წელს, დასახელებულმა მოსამართლეებმა, გიორგი გოგიაშვილის შემადგენლობის მსგავსად, საქმის განხილვაზე უარი განაცხადეს. შედეგად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მაშინდელმა თავმჯდომარე ნინო გვენეტაძემ როლანდ ბლადაძის საქმე განსახილველად გადასცა მოსამართლეთა ახალ შემადგენლობას – ნინო ბაქაქურს, ზურაბ ძლიერიშვილსა და ბესარიონ ალავიძეს, რომლებიც ჭეშმარიტად დადგნენ მოქალაქის დარღვეული უფლებების აღდგენის მხარეს. მე თამამად შემიძლია ვთქვა – როლანდ ბლადაძის საკუთრების უფლებებში აღდგენა განაპირობა ქვეყნის სტანდარტის სასამართლოში მიღწეულმა შედეგებმა. ჩვენი საზოგადოება და ჩვენი სასამართლო სისტემა უნდა ამაყობდეს, რომ ჰყავს მაღალი რანგის ასეთი სამი თვალსაჩინო მოსამართლე – ნინო ბაქაქური, ზურაბ ძლიერიშვილი და ბესარიონ ალავიძე“ – აღნიშნა არჩილ კაიკაციშვილმა.
„მინდა ცალკე გამოვეხმაურო ამ პროცესის მნიშვნელოვან მხარეს – ბატონ გიორგი პაპუაშვილს. საზოგადოების საყურადღებოდ მინდა ვთქვა, რომ დღეს გიორგი პაპუაშვილის გადაწყვეტილება არის ღირსეული, ქმნის მორალურ-სამართლებრივ ჩარჩოს, რომლითაც სრულდება მძიმე ისტორია და იქმნება ახალი ურთიერთობები. გიორგი პაპუაშვილის გადაწყვეტილება სწორი სამოქალაქო პოზიციაა – სასამართლოს მიერ დავის განხილვის დასრულების შემდეგაც და მის მიუხედავად, მხარეებმა შეძლეს საკუთარი პოზიციების და მოსაზრებების დაახლოება, საკითხის გადაწყვეტა, რაც თითოეული მხარის ინტერესს სრულად აკმაყოფილებს. ჩვენი სურვილია განიმარტოს საკითხიც, რათა არ დარჩეს არავითარი ბუნდოვანება – ბუნებრივია, ჩვენ საქმის ხასიათიდან გამომდინარე, სასამართლო დავის მიმდინარეობისას, ვერ ავცდით გიორგი პაპუაშვილის კრიტიკას. ყველა კომენტარი, რომელიც გაკეთდა, ემსახურებოდა მხოლოდ სასამართლო დავაში მხარის ინტერესების დაცვას და მიზნად არ ისახავდა გიორგი პაპუაშვილის რეპუტაციის შელახვას. შესაბამისად, თუკი რომელიმე განცხადებით შეიბღალა გიორგი პაპუაშვილის საქმიანი რეპუტაცია, გამოვთქვამთ წუხილს, რაც არ ყოფილა მიზანმიმართული ქმედება და მეტწილად განაპირობა საქმის ისტორიამ, მაღალმა საჯარო ინტერესმა“ – აღნიშნა არჩილ კაიკაციშვილმა.
არჩილ კაიკაციშვილმა მადლობა გადაუხადა საქმის ირგვლივ მხარდაჭერისთვის საზოგადოებას, სამოქალაქო ჯგუფებს, ჟურნალისტურ კორპუსს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, დავის მონაწილე მხარეებსა და მათ წარმომადგენლებს, თავად როლანდ ბლადაძეს პროფესიული ნდობისთვის. „მინდა მადლობა ვუთხრა „ახალგაზრდა ადვოკატების“ განურჩევლად ყველა თაობასაც, რომელიც 2014 წლიდან, ჩემთან ერთად, ქმნიდა პრეცედენტს. პრეცედენტი შედგა“, – აღნიშნა არჩილ კაიკაციშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები