მამუკა ბახტაძე: ჩვენი ვალდებულებაა, რომ აღვადგინოთ ამღა და ამას აუცილებლად გავაკეთებთ

“ჩვენი ვალდებულებაა, რომ აღვადგინოთ ამღა და ამას აუცილებლად გავაკეთებთ”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მუცოში  მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, მომავალი წლის ბიუჯეტში უკვე გათვალისწინებულია სარეაბილიტაციო სამუშაოები და 20 ყველაზე მნიშვნელოვანი ნაგებობა ამღაში აღდგება.
რაც შეეხება მუცოს – პრემიერმინისტრის განცხადებით, “ქართუს” დახმარებით უკვე 16 კოშკი აღდგენილია.
„ეს იყო 5-წლიანი პროგრამა, უახლოეს მომავალში დასრულდება და მე მსურს, ყველა ქართველს მოვუწოდო, რომ აუცილებლად ჩამოვიდეს მუცოში. ეს არის უნიკალური ადგილი და სიტყვებით წარმოუდგენელია ამ სილამაზის გადმოცემა. აქ გული მართლაც განსხვავებულად ძგერს. ეს არის სიამაყის საგანი მთელი საქართველოსთვის. მე განსაკუთრებული მადლობა მინდა, გადაგიხადოთ თქვენ, ადგილობრივ მოსახლეობას. თქვენ შეგვინარჩუნეთ ჩვენ ყველაზე ძვირფასი, ჩვენი მთა, ჩვენი ტრადიციები, ჩვენი კულტურული ძეგლები. მუცო არის მაგალითი ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის უწყვეტობისა, რითაც თითოეული ჩვენგანი ასე ამაყობს და მე მსურს, გულწრფელი მადლობა გადაგიხადოთ თითოეულ თქვენგანს”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
პრემიერმინისტრის თქმით, ყველა ის მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც დაწყებულია, უმოკლეს ვადებში დასრულდება.
„ეს არის მხოლოდ დასაწყისი. ჩვენი მთავარი მიზანია, რომ, პირველ ყოვლისა, თქვენ შეგიქმნათ ყველა წინაპირობა იმისთვის, რათა 4 სეზონის განმავლობაში ცხოვრობდეთ თქვენი წინაპრების მიწაზე და განავითაროთ თქვენი ეკონომიკური საქმიანობა აქ. თქვენს ულამაზეს კუთხეს აქვს უზარმაზარი ეკონომიკური პოტენციალი და ჩვენ ერთობლივი ძალებით მოვახდენთ ამ ეკონომიკური პოტენციალის რეალიზაციას”, – განაცხადა პრემიერმინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები