პოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის კიდევ 4 პირი დააკავა – მათ შორის 2 ნარკორეალიზატორია (ვიდეო)

ბოლო პერიოდში პოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის 4 პირი დააკავა – მათ შორის 2 ნარკორეალიზატორია, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, მამუკა ჭელიძის მიერ გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.
როგორც ჭელიძემ აღნიშნა, შინაგან საქმეთა სამინისტრო განაგრძობს ნარკოტიკების უკანონო ბრუნვისა და გავრცელების წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლას.
“ბოლო პერიოდში პოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის 4 პირი დააკავა – მათ შორის 2 ნარკორეალიზატორია.
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა მიმდინარე წლის 11 აგვისტოს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.
სამართალდამცველებმა ბრალდებული, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 26-ე კილომეტრზე იმ დროს დააკავეს, როდესაც იგი ავტომობილით გადაადგილდებოდა. პოლიციამ დაკავებულის მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღო „ბუპრენორფინის” შემცველი ნარკოტიკული საშუალება “სუბუტექსის” 1002 აბი, 164 ნატეხი და დაფხვნილი ნარკოტიკი, რომლებზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.
ნარკოდანაშაულისათვის, ასევე, კიდევ ერთი პირია დაკავებული თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე. სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალება „მდმა”-ს შემცველი 293 აბი ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გარდა ამისა, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ინტენსიური ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი 2 ნარკორეალიზატორი.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ნარკოტიკებს სისტემატიკურად ყიდდნენ. მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სამართალდამცველებმა დაკავებულებისგან ნარკოტიკული საშუალებების საკონტროლო შესყიდვა და ფარული ვიდეო და აუდიო ჩაწერა განახორციელეს. ასევე, პოლიციამ მათ მიერ გაყიდული ნარკოტიკები ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ფაქტებზე მიმდინარეობს”, – აცხადებენ უწყებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები