მამუკა ბახტაძე: ჩვენთვის ინფრასტრუქტურის განვითარება უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია

“ჩვენთვის ინფრასტრუქტურის განვითარება არის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ გზების დეპარტამენტის ანგარიშზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
საქართველოს მთავრობის მეთაურმა ინფრასტრუქტურის განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
“ჩვენთვის ინფრასტრუქტურის განვითარება არის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი და ამას აქვს სამი ძირითადი მიზანი. პირველი, რომ მოვახდინოთ ჩვენი ქვეყნის უნიკალური, სატრანზიტო და ტურისტული პოტენციალის ათვისება, მეორე – შევამციროთ სვლის დრო და გავხადოთ უფრო კომფორტული და უსაფრთხო და მესამე – ეს არის ეფექტური საშუალება იმისთვის, რომ ჩვენ ვებრძოლოთ სიღარიბეს – სიღარიბეს, რომელიც არის ყველაზე მტკივნეული გამოწვევა ჩვენი საზოგადოებისთვის.
ინფრასტრუქტურის განვითარება ჩვენ გვაძლევს შესაძლებლობას, რომ ჩვენი ეკონომიკა გახდეს უფრო კონკურენტუნარიანი. ეს ჩვენს საშუალებას გვაძლევს, შევქმნათ სამუშაო ადგილები არა მხოლოდ მშენებლობის პროცესში, არამედ პროექტების დასრულების შემდეგ ქართულ ბიზნესს მიეცეს საშუალება, შექმნას მეტი დოვლათი, მეტი სამუშაო ადგილი და გახადონ თავიანთი ბიზნესი მეტად კონკურენტუნარიანი. ჩვენ ამისთვის გვჭირდება მასშტაბური ინვესტიციები.
ჩვენ საზოგადოებას შევპირდით, რომ ძირითად კრიტიკულ ინფრასტრუქტურას დავასრულებთ 2022 წლის ჩათვლით და ეს მართლაც ისტორიული მნიშვნელობის მქონე პროექტებია. მე მხოლოდ ორ მათგანზე გავამახვილებ ყურადღებას. პირველი, ეს არის პროექტი, რომლის მშენებლობაც უკვე დაიწყო – ჩქაროსნული მაგისტრალი რიკოთის უღელტეხილზე. ეს არის ძალიან რთული საინჟინრო ნაგებობა, მასში ჩვენ ძალიან დიდი ინვესტიციები გვექნება ჩვენ განსახორციელებელი, მაგრამ ჩვენ ამას აუცილებლად უმოკლეს ვადებში გავაკეთებთ. ჩვენს მოქალაქეებს შეუძლიათ, საკუთარი თვალით იხილონ, თუ როგორ მიმდინარეობს ინტენსიური მშენებლობის პროცესი.
მეორე – რამდენიმე დღეში ხელი მოეწერება და წლის ბოლომდე დაიწყება მეორე ისტორიული მნიშვნელობის მქონე პროექტი – კობი-გუდაურის ჩქაროსნული მაგისტრალი. ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე გრძელი გვირაბის მქონე და ერთ-ერთი ყველაზე რთული საინჟინრო ნაგებობა ევროპაში. რა თქმა უნდა, მას სჭირდება ინვესტიციები და ეს ინვესტიციები უკვე მოძიებული და ხელმოწერილია.
როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ კრიტიკული ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, ჩვენ უნდა გვქონდეს მხედველობაში, თუ რა დამატებით სარგებელს მოუტანს ეს ჩვენს მოქალაქეებს და ამის ძალიან კარგი მაგალითი იყო პროექტი, რომელიც ჩვენ შარშან განვახორციელეთ – ეს იყო ახალი საბაგირო, რომელმაც დააკავშირა კობი გუდაურს. ჩვენ შედეგად მივიღეთ, რომ კობი გაცოცხლდა, მასში შევიდა ახალი სიცოცხლე და თქვენ დღეს, ფაქტობრივად, ვერ ნახავთ თავისუფალ ადგილს, რომელზეც არ მიდიოდეს საუბარი, რომ ახალი სასტუმროა ასაშენებელი ან ახალი ტურისტული ობიექტი. ასეთმა პროექტმა ჩვენ საშუალება მოგვცა, რომ თრუსოს ხეობაში შეგვეტანა ახალი დინამიკა და დარწმუნებული ვარ, შემდეგი წლების განმავლობაში ეს ორივე ძალიან ლამაზი ადგილი ინტენსიურად განვითარდება. პირადად ჩემთვის ეს არის ორიენტირი, თუ როგორ უნდა განვავითაროთ ინფრასტრუქტურა საქართველოში. ბუნებრივია, ჩქაროსნული მაგისტრალების გარდა, მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს გზების მშენებლობა ყველა დასახლებულ პუნქტამდე. საზოგადოებას ვპირდები, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ ჩვენ შევძლებთ, საქართველოში ყველა დასახლებულ პუნქტამდე გვექნება შესაბამისი სტანდარტის გზა. დღეს ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც მთიან რეგიონებში ისვენებენ, აქვთ შესაძლებლობა, თავიანთი თვალით იხილონ, როგორ მიმდინარეობს ეს აღმშენებლობის პროცესი”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები