ჰოლივუდის ფილმის გადაღებებისთვის საქართველოში 8 უპილოტო საჰაერო ხომალდი დარეგისტრირდა

0

პროფესიული საჰაერო ფოტო და ვიდეო გადაღების წარმოების მიზნით, უცხოურმა ოპერატორმა ,,XM2 UK LIMITED“-მა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ დადგენილი წესების შესაბამისად, უპილოტო საჰაერო ხომალდების სავალდებულო რეგისტრაციის პროცესი გაიარა. ინფორმაციას ამის შესახებ სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, კომპანიას ასევე მიენიჭა სპეციფიკურ კატეგორიაში ექსპლუატაციის ნებართვა, რაც საშუალებას აძლევს ოპერატორს უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით, იფრინოს ღია კატეგორიისთვის დაშვებულ სიმაღლეზე მაღლა, შენობა-ნაგებობიდან დაშორების განსხვავებული პირობებით და ა.შ.
დიდ ბრიტანეთში რეგისტრირებული კომპანიის კუთვნილი უპილოტო საჰაერო ხომალდები სხვადასხვა ასაფრენი მასითა და საფრენოსნო მახასიათებლებით გამოირჩევიან, მათ შორის, ყველაზე დიდი გაბარიტის მქონე დრონების (3 ერთეული) მაქსიმალური ასაფრენი მასა 70 კილოგრამს შეადგენს. მაღალტექნოლოგიური უპილოტო საჰაერო ხომალდებით ჰოლივუდის ერთ-ერთი ფილმის ეპიზოდების საჰაერო გადაღებები განხორციელდება.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, უპილოტო საჰაერო ხომალდებს შემდეგი სარეგისტრაციო ნიშნები მიენიჭა:
• 2 ერთეული DJI Inspire 2 (მაქსიმალური ასაფრენი მასა 4,25 კგ) – GE-003 და GE-004;
• ერთი ერთეული DJI Phantom 4 Pro (მაქსიმალური ასაფრენი მასა 1,388 კგ) – GE-005;
• 3 ერთეული XM2 Sierra (მაქსიმალური ასაფრენი მასა 70 კგ) – GE-006, GE-007 და GE-008;
• 2 ერთეული XM2 Tango (მაქსიმალური ასაფრენი მასა 36 კგ) – GE-009 და GE-010;
განაცხადი და თანმდევი დოკუმენტაცია სააგენტოში ქართული საპროდიუსერო კომპანია „ენკენი ფილმს ფფ9“-ის შუამდგომლობით იქნა წარმოდგენილი.
ფილმის გადაღება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის – „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში განხორციელდება.
უპილოტო საჰაერო ხომალდების რეგისტრაციის, ასევე სპეციფიკურ კატეგორიაში ექსპლუატაციის მოთხოვნებს შეგიძლიათ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ვებ-გვერდის შესაბამის ბმულზე გაეცნოთ:http://www.gcaa.ge/geo/upiloto.php

კომენტარები

კომენტარი