ქეთევან ციხელაშვილი: საერთაშორისო თანამეგობრობა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მტკიცედ და მყარად უჭერს მხარს

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილის შეფასებით, საერთაშორისო თანამეგობრობა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მტკიცედ და მყარად უჭერს მხარს.
მინისტრის თქმით, ომიდან 11 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებები, რომლებიც საქართველოს პარტინორებისგან გაკეთდა, მათი მხრიდან მხარდაჭერის მორიგი დასტურია.
„ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სწორედ იმ მიზნებისთვის, რომლებისკენაც ჩვენ მშვიდობიანად და თანმიმდევრულად მივისწრაფვით, ეს არის ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი გაერთიანება. აღსანიშნავია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება, რომელიც ძალიან მნიშვნელოვან გზავნილებს შეიცავს, მათ შორის, დღეს არსებულ ვითარებაზეც – იმ შედეგებზე, რომლებიც დადგა 2008 წლის ინტერვენციისა და უკვე მიმდინარე ოკუპაციის შედეგად. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი და განსაკუთრებით ხაზგასასმელი გზავნილი არის ის, რომ მათ კიდევ ერთხელ აღგვითქვეს სრული მხარდაჭერა, ვიდრე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი, ფაქტობრივად, აღდგენილი არ იქნება, ანუ ქვეყნის დეოკუპაცია არ მოხდება. ჩვენ ეს პროცესი წარმოგვიდგენია ცალსახად მშვიდობიანად“, – აღნიშნა სახელმწიფო მინისტრმა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს მხრიდან არცერთი ნაბიჯი იდგმება ვინმეს გასაღიზიანებლად.
„ჩვენ, როგორც ქვეყანა, სახელმწიფო და საზოგადოება არავის წინააღმდეგ არ ვართ სამეზობლოში – არც რუსეთის, ცხადია. ჩვენი ყველა მისწრაფება არის ჩვენი საზოგადოების არჩევანი და გზა იმისკენ, რომ თავისუფლება და სუვერენიტეტი უზრუნველვყოთ. ჩვენ ურთიერთპატივისცემა  თუ კეთილმეზობლური ურთიერთობა გვესმის, პირველ ყოვლისა, როგორც მეზობლების თავისუფლებისა და სუვერენიტეტის პატივისცემა. ამ პრინციპს განვიხილავთ საბაზისოდ მომავალშიც.
რაც შეეხება უკვე ქართულ-აფხაზურსა და ქართულ-ოსურს – აქ ჩვენ არა მხოლოდ მზაობა და შეთავაზებები გვაქვს დიალოგზე, ცხადია, აპოლიტიკურად, არამედ კონკრეტულ სფეროებზე. უამრავი სფეროა მონიშნული, რის გარშემოც შეიძლება, წარიმართოს ქართულ-აფხაზური, ქართულ-ოსური დიალოგი. ჩვენ მომავალშიც აუცილებლად გავაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას. მთავარია, ამას ხელი არ შეეშალოს“, – აღნიშნა ქეთევან ციხელაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები