სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა: ხელმოწერა დოკუმენტზე შესრულებულია არა ქიბარ ხალვაშის, არამედ სხვა პირის მიერ

0

სამხარაულის ეროვნულმა ბიურომ ოქრუაშვილი-ხალვაშის დოკუმენტთან დაკავშირებით დასკვნა დადო.
დოკუმენტში წერია, რომ დოკუმენტზე ხელმოწერა ქიბარ ხალვაშს არ ეკუთვნის.
„ხელმოწერა დოკუმენტზე შესრულებულია  არა ქიბარ ხალვაშის, არამედ სხვა პირის მიერ“, – აღნიშნულია დოკუმენტში.
ოქრუაშვილის პარტიაში ექსპერტიზის დასკვნას გამოეხმაურნენ. როგორც საგანგებო ბრიფინგზე “გამარჯვებული საქართველოს” წევრმა კოტე კემულარიამ განაცხადა, პარტიაში დასკვნას არ ეთანხმებიან და აღნიშნულს პოლიტიკურ პროცესებს უკავშირებენ.
“ექსპერტიზის ბიუროსაც ანგრევენ, სასამართლოს აყენებენ ცუდ მდგომარეობაში. ეს იმ პოლიტიკური პროცესების გაგრძელებაა, რისთვისაც ირაკლი ოქრუაშვილი დააკავეს”, – განაცხადა კოტე კემულარიამ.
მისივე ინფორმაციით, ექსპერტი წერს, რომ ასო “ვ” და ასო “შ”, თურმე, თავის დახრილობითა და ნიუანსებით არ არის ისეთი, როგორსაც ჩვენ ვაწყდებით ხალვაშის ექსპერიმენტულ ნიმუშებში.
„ეს დასკვნა არის ნახევარგვერდიანი, ანუ ძალიან ზედაპირულად ექსპერტი წერს, რომ ასო “ვ” და ასო “შ”, თურმე, თავის დახრილობითა და ნიუანსებით არ არის ისეთი, როგორსაც ჩვენ ვაწყდებით ხალვაშის ექსპერიმენტულ ნიმუშებში და ეს იძლევა კატეგორიული დასკვნის გაკეთების საშუალებას, რომ ეს ხელმოწერა ხალვაშის მიერ არ არის შესრულებული“, – განაცხადა კემულარიამ.
„გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერის, ირაკლი ოქრუაშვილის მტკიცებით, მასსა და ქიბარ ხალვაშს შორის ბერლინში  2010 წელს გაფორმდა შეთანხმება, რომლის მიხედვითაც  ხალვაში „რუსთავი 2-ის“ მხოლოდ ფორმალური მმართველი უნდა ყოფილიყო და შეთანხმებაზე ხელმოწერა ექპერტიზის სამი დასკვნითაა დადასტურებული.

ამასთან, ქიბარ ხალვაშის ადვოკატი და „რუსთავი 2-ის“ ახალი გენერალური დირექტორი – პაატა სალია ამბობს, რომ დოკუმენტები, რაზეც ირაკლი ოქრუაშვილი და მისი ინტერესების დამცველები საუბრობენ, გაყალბებულია.

კომენტარები

კომენტარი