სამხედრო მოსამსახურეები ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციას წეროვნის ახალ სარეაბილიტაციო ცენტრში გაივლიან (ფოტოკოლაჟი)

2008 წლის აგვისტოს ომსა და სამშვიდობო მისიებში დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეები ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციას  წეროვნის ახალ სარეაბილიტაციო ცენტრში გაივლიან.
ახალი ცენტრი, რომელის მშენებლობაც სამ თვეში დასრულდება, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ და აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ელიზაბეთ რუდმა დაათვალიერეს.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სარეაბილიტაციო ცენტრი დასავლური სტანდარტების, უახლესი ტექნოლოგიებით იქნება აღჭურვილი. შენობაში განთავსებული იქნება სამკურნალო-სარეაბილიტაციო აუზი, ადაპტირებული სპორტული და სარეაბილიტაციო ინვენტარი, ასევე მოედანი მჯდომარე ფრენბურთისა და კალათბურთისთვის. წეროვნის ახალი სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობა ამერიკის მხარდაჭერით ხორციელდება.
წეროვნის სარეაბილიტაციო ცენტრში ლევან იზორია და ელიზაბეთ რუდი „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“ დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეს ივერი ბუაძეს შეხვდნენ. შეხვედრაზე ელიზაბეთ რუდი სამხედრო მოსამსახურის ჯანმრთელობის მდგომარეობით, სარეაბილიტაციო კურსის მიმდინარეობითა და სამომავლო გეგმებით დაინტერესდა. ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ივერი ბუაძეს კარიერულ წინსვლაში ხელშეწყობა აღუთქვა. ივერი ბუაძე აშშ-დან სამშობლოში სამი კვირის წინ დაბრუნდა, სადაც რეაბილიტაციის კურსს ვოლტერ რიდის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში გადიოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები