არჩილ თალაკვაძე: ჩვენი ხელისუფლება დგამს ქმედით ნაბიჯებს, რომ ადამიანის სიცოცხლე, მისი უსაფრთხოება და ჯანმრთელობა იყოს დაცული

„ხელმისაწვდომი ჯანდაცვა, ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება, მათ შორის, ფინანსური ხელმისაწვდომობა მედიკამენტებზე არის სწორი პრიორიტეტი. პარლამენტი მხარს უჭერს და მიესალმება მთავრობის ამ გადაწყვეტილებას”, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ თბილისის საკრებულოში გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ადამიანის უფლებები და მათი ბაზისური საჭიროებები, ჯანდაცვა, ადეკვატური საცხოვრისი და უსაფრთხოება, არის ხელისუფლების, მთავარი პრიორიტეტი. არჩილ თალაკვაძის თქმით, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების სიმბოლურ ფასად შეძენის პროგრამა არ არის პირველი რეფორმა და პირველი ინიციატივა რომელიც ნათლად აჩვენებს, რომ ხელისუფლება, საზოგადოებასთან ერთად, დგამს ქმედით ნაბიჯებს, რომ ადამიანის სიცოცხლე, მისი უსაფრთხოება და ჯანმრთელობა იყოს დაცული.
„ადამიანი, როგორც ღირებულება, ადამიანის უსაფრთხოება და მისი კეთილდღეობა რჩება და არის ჩვენი ხელისუფლების, ჩვენი სახელმწიფოს აზროვნების მთავარი ცენტრი. თქვენთან ერთდ ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით, რომ შევინარჩუნოთ ეს ღირებულება მომავალში. საქართველო გააგრძელებს განვითარებას იმ მიმართულებით, სადაც არის ევროპა, ევროპული ღირებულებები და სადაც ადამიანების საჭიროებები ჯანდაცვასთან, განათლებასთან, საცხოვრისთან, ეკონომიკურ პროცესში მონაწილეობასთან მიმართებაში არის გარანტირებული და უზრუნველყოფილი “,-განაცხადა სიტყვით გამოსვლისას არჩილ თალაკვაძემ.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტი იქნება აქტიურად ჩართული ამ პროგრამის მონიტორინგში, რათა მისი ადმინისტრირება, ელექტრონული რეცეპტების გამოყენება მომავალში და ის მექანიზმები, რომლებიც შეუფერხებლად უნდა უზრუნველყოფდეს მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობას, განხორციელდეს ზუსტად ისე, როგორც ეს იყო ჩაფიქრებული.
მისივე განცხადებით, საქართველოს პარლამენტი იქნება ერთ-ერთი პირველი, ვინც პროგრამის მუშაობას შეაფასებს და განიხილავს.
ცნობისთვის, თბილისის საკრებულოში, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ დღეს პროგრამა წარადგინა, რომლითაც პენსიონერები, სოციალურად დაუცველი და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები ქრონიკული დაავადებების სამკურნალო 35 დასახელების მედიკამენტის 1 ლარად შეძენას შეძლებენ.
ღონისძიებას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები