საქართველოში კულტურის ეროვნული ფონდი შეიქმნება

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო კულტურის სფეროში მასშტაბურ, კომპლექსურ რეფორმასა და სისტემურ ცვლილებებს იწყებს, რაც ევროკავშირის რეკომენდაციებს ეფუძნება და საქართველოს საჭიროებებზეა მორგებული.
აღნიშნული ინფორმაცია უწყების ბრიფინგიდან გახდა ცნობილი, რომელიც მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა გამართა.
მისივე ინფორმაციით, რეფორმის საფუძველზე, სამინისტრო განსაზღვრავს კულტურის პოლიტიკას, დანერგავს კულტურის სფეროს სსიპ-ებსა და სამინისტროს შორის ორმხრივი ანგარიშვალდებულების პრინციპს, განახორციელებს საქმიანობის შესრულების ეფექტიან მონიტორინგს; ასევე, შეასრულებს კულტურის, კულტურული მემკვიდრეობის, სახელოვნებო განათლების სფეროს პოლიტიკის, სტრატეგიის, საკანონმდებლო და კოორდინაციის ძირითად ფუნქციებს.
რეფორმის ფარგლებში იქმნება კულტურის ეროვნული ფონდი, რომელსაც სამინისტროს მიერ შემუშავებული პოლიტიკის განმახორციელებელი ფუნქცია დაეკისრება. ფონდის მუშაობა დაფუძნებული იქნება დაფინანსების თანაბარი შესაძლებლობების და შემოქმედებითი თავისუფლების ხელშეუხებლობის დაცვის პრინციპებზე. მისი მთავარი დანიშნულება იქნება კულტურის განვითარების, პოპულარიზაციისა და ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობა.
შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე, ფონდი ფუნქციონირებას 2020 წლის 1 იანვრიდან დაიწყებს და მისი ბიუჯეტი 50 მილიონ ლარამდე განისაზღვრება. კულტურის ეროვნულ ფონდს ლიტერატურათმცოდნე ირმა რატიანი უხელმძღვანელებს.
კულტურის ეროვნული ფონდის მიზნები და ამოცანებია, ევროპული სტანდარტების შესაბამისად, კულტურის სფეროს დაფინანსების საჯარო, გამჭვირვალე და სამართლიანი სისტემის შექმნა, კულტურის სფეროსთვის განკუთვნილი ფინანსების რაციონალური და სტრატეგიული ხარჯვა, ასევე კულტურის თანასწორი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა საზოგადოების ყველა წევრისთვის, განსაკუთრებით – რეგიონების/მაღალმთიანი სოფლების, საზღვრისპირა მუნიციპალიტეტების, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებისა და ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობისთვის, სპეციალური საჭიროებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის, უმცირესობებისთვის, ახალგაზრდებისა და ქართული დიასპორის წარმომადგენლებისთვის.
ფონდის ხელმძღვანელი მინისტრის ბრძანებით დაინიშნება. 4 წლის ვადით, შეიქმნება სამეთვალყურეო საბჭო, რომელიც განსაზღვრავს ფონდის საქმიანობის სტრატეგიულ მიმართულებებს. საბჭოს შემადგენლობაში შევლენ როგორც საჯარო უწყებების წარმომადგენლები, ასევე ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები.
საბჭოს გარდა, შეიქმნება საკონკურსო კომისიები – სამინისტროს მიერ განსაზღვრული პრიორიტეტების შესაბამისად გამოცხადებული თემატური კონკურსებისათვის; კომისიის წევრთა დაკომპლექტება მოხდება ღია კონკურსის წესით.
აღსანიშნავია, რომ კულტურის ეროვნული ფონდი ასევე ხელს შეუწყობს შემოქმედებითი ინდუსტრიების, კულტურული ტურიზმისა და მარშრუტების განვითარებას. მისი ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ სახელმწიფო მნიშვნელობის ღონისძიებების, კულტურის დღეების, გამოფენების, კონცერტების, ფესტივალების, საგასტროლო და სხვა გასვლითი აქტივობების ხელშეწყობა იქნება. ფონდი ადმინისტრირებას გაუწევს სახელმწიფო საგრანტო კონკურსებს გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტით; იზრუნებს ქართველი ხელოვანების მონაწილეობაზე საერთაშორისო ბაზრობებზე, ფესტივალებზე, კონკურსებსა და შემოქმედებით პლატფორმებზე; ასევე ხელს შეუწყობს სახელოვნებო განათლების განვითარებას – უზრუნველყოფს კულტურის სფეროში გრანტების გაცემას და მოიზიდავს ინვესტიციებს, მხარს დაუჭერს ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები