ქვიშხეთში სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე დასაქმებულმა ჩინეთის მოქალაქეებმა გვირაბის შესასვლელი გადაკეტეს
ქვიშხეთის სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე დასაქმებულმა ჩინური კომპანიის ათამდე თანამშრომელმა გვირაბის შესასვლელი ჩაკეტა. ისინი მშენებარე გვირაბში შესვლისა და გამოსვლის საშუალებას არავის აძლევენ. ათივე გაფიცული ჩინეთის მოქალაქეა.
გაფიცულები შრომითი პირობების გაუმჯობესებასა და ხელფასების მატებას ითხოვენ.
სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე დასაქმებულები „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს“ წარმომადგენლებს გუშინ პროფკავშირების წარმომადგენელთან ერთად შეხვდნენ, თუმცა მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა. გაფიცულების ინფორმაციით, ხელფასების დღიური 20 ლარიდან 30 ლარამდე მატებაზე ჩინურმა კომპანიამ უარი განაცხადა. როგორც მშენებლობაზე დასაქმებულები ამბობენ, გაფიცვის შეწყვეტას არ აპირებენ და სამუშაოს მანამდე არ დაუბრუნდებიან, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.
თავის მხრივ კი შპს „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფი“ აცხადებს, რომ, დასაქმებულებთან დადებული შრომითი ხელშეკრულების მიხედვით, გათვალისწინებულია როგორც ძირითადი ხელფასი, ასევე – დანამატი და ზეგანაკვეთური სამუშაოსთვის განკუთვნილი დამატებითი ანაზღაურება, რაც, კომპანიის განცხადებით, ბევრად აღემატება დასაქმებულთა მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მათი დღიური ანაზღაურება 20 ლარს შეადგენს.