მაშველებმა რაჭა-ლეჩხუმის ტყეში ორი შვეიცარიელი ტურისტი გადაარჩინეს

ლენტეხში, სოფელ ზესხოს მიმდებარედ მაშველებმა ორი ტურისტი გადაარჩინეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, რამდენიმესაათიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ, რთული რელიეფისა და გარემო პირობების გათვალისწინებით, დასახმარებლად ვერტმფრენის გამოძახება გახდა საჭირო. მათივე ცნობით, ტურისტების პოვნის შემდეგ ისინი ვერტმფრენით თბილისში გადმოიყვანეს.
​მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ “112-ში” შემოვიდა ინფორმაცია, რომ ლენტეხში, სოფელ ზესხოს მიმდებარედ, მთებში შვეიცარიის ორი მოქალაქე იყო დაკარგული.
ტურისტების დასახმარებლად, შეტყობინების მიღებისთანავე, გავიდა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მთავარი სამმართველოს 10-კაციანი ქვეითი ჯგუფი. მაშველებმა, რამდენიმესაათიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ, რთული რელიეფისა და გარემო პირობების გათვალისწინებით, დასახმარებლად ვერტმფრენის გამოძახება გადაწყვიტეს.
დაკარგული ტურისტების სამძებრო-სამაშველო ოპერაციაში ჩაერთო შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მთავარი სამმართველოს განსაკუთრებულ სიტუაციებზე სწრაფი რეაგირების სამაშველო ჯგუფი.
მაშველებმა შეძლეს ტურისტებთან სატელეფონო კავშირის დამყარება და დაზუსტდა ინფორმაცია მათი ადგილმდებარეობისა და კოორდინატების შესახებ. მაშველებმა დაათვალიერეს დაკარგული ტურისტების მიერ მოწოდებული კოორდინატების შესაბამისი ლოკაციები, ასევე, სამთო-ტურისტული სავარაუდო მარშრუტები.
რამდენიმესაათიანი საძიებო სამუშაოების შემდეგ, მაშველებმა ტურისტები იპოვეს და ვერტმფრენის საშუალებით თბილისში გადაიყვანეს. მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
​სამძებრო-სამაშველო ღონისძიებებში მონაწილეობა 15-მა მაშველმა მიიღო. ოპერაციაში ჩართული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი”, – ნათქვამია საგანგებო სიტუაციების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები