ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამ დღეს, დადგენილება მიიღო, რომლის მიხედვითაც 1-ელ ნოემბრამდე უნდა მოხდეს ე.წ. რესპუბლიკის საჰაერო სივრცის გამოყენების მიზნით ნორმატიულ-სამართლებრივი აქტების მომზადება.
დღესვე გახდა ცნობილი, რომ იგეგმება სოხუმის აეროპორტის ექსპლუატაციაში მიღება, საიდანაც რეგულარული საერთაშორისო საჰაერო გადაზიდვები და ფრენები განხორციელდება. დე ფაქტო მთავრობას დაევალა შემდეგი ნორმატიული აქტების მომზადება: „აფხაზეთის რესპუბლიკის საჰაერო სივრცის გამოყენების შესახებ“, „აფხაზეთის საავიაციო უფლებები“ და სხვა.
თუმცა, როგორ შეძლებს ე.წ. რესპუბლიკა „საერთაშორისო ფრენების“ განხორციელებას, უცნობია, რადგან სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (ICAO) ბაბუშერის აეროპორტს 1993 წლიდან საერთაშორისო მნიშვნელობის აეროპორტად არ აღიარებს, რადგან სცნობს საქართველოს ერთიანობას.
ორგანიზაციამ სოხუმის აეროპორტს უნიკალური კოდი მოუხსნა, რომელიც რეგიონულ სტრუქტურას წარმოადგენს.
გარდა ამისა, IATA-ს საერთაშორისო კავშირის წევრი ავიაკომპანიები ოკუპირებულ აფხაზეთში ფრენებს ვერ განახორციელებენ.
გამომდინარე იქედან, რომ “იკაო” საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს, ორგანიზაცია საქართველოს შუამდგომლობის გარეშე სოხუმის აეროპორტს კოდს ვერ აღუდგენს.
თუ თეორიულად დავუშვებთ იმას, რომ სოხუმის აეროპორტი კოდის მიღებას მიუახლოვდება, მას სერტიფიცირება დასჭირდება. როგორც 2013 წლის „აეროდრომების სერტიფიცრების წესის დამტკიცების შეასხებ“ კანონშია ნათქვამი, აეროდრომების სერტიფიცირებას, სერტიფიკატის გაცემას, გაცემაზე უარის თქმას, სერტიფიკატის მოქმედების ვადის შეჩერებას, განახლებას, სერტიფიკატის გაუქმებას, ექსპლუატანტის საქმიანობაზე მუდმივ ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო.
აეროდრომებისთვის საერთაშორისო ინდექსის მინიჭება კი, ხორციელდება ჩიკაგოს კონვენციის მე-15 დანართის და იკაო-ს ოფიციალური გამოცემით DOC 7910 დადგენილი წესით, ამ აეროდრომის ექსპლუატანტის მოთხოვნისა და სააგენტოს შუამდგომლობის საფუძველზე.
შესაბამისად, სურს ეს თუ არა, იმისთვის, რომ სოხუმის აეროპორტმა ნამდვილად განახორციელოს „საერთაშორისო ფრენები“, მას საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ნებართვა და შემდგომ მისი იკაო-ში შუამდგომლობა დასჭირდება.
ამჟამად, სოხუმიდან ფრენებს სანქციების შიშის გამო ვერც რუსული ავიაკომპანიები ახორციელებენ.
აქედან გამომდინარე, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ დღევანდელი ხმამაღალი განაცხადი „საერთაშორისო ფრენების“ განხორციელების შესახებ მხოლოდ პიარსვლაა ე.წ. მთავრობის მხრიდან წინასაარჩევნოდ ხმების მოპოვების მიზნით.
აღსანიშნავია, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში დე ფაქტო პრეზიდენტის ე.წ. არჩევნები 25 აგვისტოს ჩატარდება, რომელშიც ამჟამინდელი დე ფაქტო პრეზიდენტი – რაულ ხაჯიმბა მეორე ვადით იყრის კენჭს.
ავტორი: მონიკა დავლიანიძე